მეცნიერებმა დაუმსხვრევადი ეკრანების შექმნის გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა დაუმსხვრევადი ეკრანების შექმნის გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება

ბოლო წლებში სმარტფონების ტექნოლოგია სწრაფად უმჯობესდება — იზრდება ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა, მოწყობილობის სიმძლავრე, ფოტოს გადაღების შესაძლებლობები, მაგრამ სმარტფონებს ჯერ მაინც ისეთი ეკრანები აქვთ, რომლებიც დავარდნისას იბზარება.

მეცნიერებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ტყვიის ჰალოგენური პეროვსკიტის (LHP) ეკრანებზე მუშაობაში, რომლებსაც აქვთ უმაღლესი სიკაშკაშე და სიწმინდე, ბრწყინვალე სიმტკიცე და რაც მთავარია, მომავალში მათი დაყენება შესაძლებელია ტელეფონებზე, ტელევიზორებზე და ლეპტოპებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნანოკრისტალებზე დაფუძნებული მასალა დისპლეებისთვის უკვე დიდი ხანია მიიჩნევა, ის ძალიან მგრძნობიარეა სინათლის, სითბოსა და წყლისადმი. ამ ეტაპზე, ის ეკრანების ტექნოლოგიად მხოლოდ ლაბორატორიებში, გაუხშოებულ ატმოსფეროში გამოიყენება.

ამას გარდა, მისგან ჟონავს ტოქსიკურ ლითონთა იონებიც, რაც სულაც არ არის იდეალური სამომხმარებლო ელექტრონული პროდუქტებისთვის. LHP ეკრანების უახლეს კვლევებში მრავალი ეს პრობლემა გადაიჭრა იმით, რომ LHP მასალა მინაში მოაქციეს.

შედეგად, გაიზარდა მისი ეფექტიანობა, დაიბლოკა მასალისგან ტოქსიკური იონების გაჟონვა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნანოკრისტალებზე დაფუძნებული პეროვსკიტის მასალა იმედისმომცემია უმაღლესი, შემდეგი თაობის მზის პანელებისთვისაც. მას არა მხოლოდ დისპლეის ფუნქციის შესრულება შეუძლია, არამედ შესაძლებელია ისე გადაკეთებაც, რომ მზის სინათლე ელექტროენერგიად გარდაქმნას.

მკვლევართა განცხადებით, დასრულებულმა პროტოტიპმა პროდუქტმა აჩვენა მაღალი სტაბილურობა სიცხეში, სინათლეში, ჰაერზე, ტენიანობაში; ნათების 80 პროცენტი შეინარჩუნა წყალში გატარებული 10 000 საათის შემდეგაც.

თუმცა, ტექნოლოგია ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა. წლებია საჭირო, ვიდრე მას ტელეფონების დაუმსხვრეველი ეკრანების სახით ვიხილავთ, მაგრამ მასში მინის დამატება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

დაუმსხვრეველი ეკრანების გარდა, მეცნიერები ასევე მუშაობენ ეკრანის ტექნოლოგიაზე, რომელიც გატეხვის შემთხვევაში საკუთარ თავს აღიდგენს. თუმცა, მასობრივ წარმოებაში დანერგვამდე, ამ შემთხვევაშიც დროა საჭირო.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uq.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.