ტელეფონის გატეხილი ეკრანების ხანა შეიძლება მალე დასრულდეს - შექმნილია თვითაღდგენადი მინა
ტელეფონის გატეხილი ეკრანების ხანა შეიძლება მალე დასრულდეს - შექმნილია თვითაღდგენადი მინა

ჩვენს მკითხველთა დიდი ნაწილის მსგავსად, სავარაუდოდ, თქვენ ახლა ამ ტექსტს მობილურში კითხულობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არის შანსი, კითხულობდეთ გატეხილ, დაფხვნილ ეკრანზე.

საბედნიეროდ, მობილურების დაბზარული ეკრანის დღეები შეიძლება უკვე დათვლილი იყოს. იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ახალი სახის თვითაღდგენადი მინა, რომელიც გატეხვის შემთხვევაში კვლავ მთლიანდება და ამისათვის მხოლოდ მასზე ხელით დაწოლაა საჭირო.

ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შექმნილი თვითაღდგენადი პოლიმერი, თავდაპირველად სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს წებოვანი ნივთიერებების შესწავლისას.

კვლევის დროს, ერთ-ერთმა ჯგუფმა შენიშნა, რომ პოლიმერს, რომელსაც წებოდ გამოყენებისთვის ცდიდნენ, თვითშეწებების უნარი ჰქონდა თუკი დაჭრიდნენ, დაპრესავდნენ და ნაწილაკებს 30 წამის განმავლობაში ერთმანეთს მიაჭერდნენ, თანაც ოთახის ტემპერატურაზე.

უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტის ასპირანტმა სტუდენტმა იუ იანაგისავამ ჯგუფის მიერ მიღებულ შედეგებს არ დაუჯერა და შემდგომი ექსპერიმენტები ჩაატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ თვითაღდგენადი მინა მართლაც მუშაობდა.

ჯგუფის ცნობით, ამ მინის შექმნა შესაძლებელია დაბალწონიანი პოლიმერის, სახელად ‘პოლიეთერ-თიოურეას’ წყალობით, რომელიც ნაერთ თიოურეას გამოყენებით ზრდის წყალბადის ბმების წარმოქმნის უნარს მასალაში, როცა ის დაჭრილი ან გატეხილია.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მკვლევრებმა ასეთი თვითაღდგენადი მასალები შექმნეს, მაგრამ ეს ახალი პოლიმერი აბსოლუტურად განსხვავებულია იმით, რომ არის მინის მსგავსად მტკიცე, მაგრამ ამავე დროს აქვს თვითაღდგენის უნარი — მახასიათებელი, რომელიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავია ტექნოლოგიურ ნაერთებში.

ეს მინა უნიკალურია იმითაც, რომ თვითშეწებებას ახდენს ოთახის ტემპერატურაზე, მაშინ, როცა სხვა თვითაღდგენადი მასალები ხშირად მოითხოვს გაცხელებას, რათა ხელი შეუწყოს ბმების წარმოქმნას.

გარდა ამისა, ეს ნივთიერება საკუთარ თავს იმაზე გაცილებით სწრაფად აწებებს, ვიდრე აქამდე შექმნილი სხვა ნებისმიერი.

მათ შორის ერთ-ერთი, წლის დასაწყისში წარმოადგინეს კალიფორნიელმა მკვლევრებმა. მაგრამ ამ მასალას მობილურის დამსხვრეული ეკრანის აღსადგენად მთელი დღე სჭირდებოდა.

გარდა ტელეფონის ეკრანებისა, თვითაღდგენად მასალებზე დიდი მოთხოვნაა მედიცინის დარგშიც, სადაც ნაზი, ადაპტაციური ნივთერებები ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება გამოიყენონ ადამიანის ორგანიზმში, მაგალითად ძვლების გასაძლიერებლად ან ქსოვილების შესაქმნელად.

თუმცა, სანამ ეს მოხდება, არსებობს ნამდვილად კარგი შანსი, რომ იაპონელ მეცნიერთა შემთხვევითმა აღმოჩენამ ძლიერ არგოს ადამიანის კიდევ ერთ მოწყვლად ველს: თქვენს საბანკო ანგარიშს, რადგან აღარ მოგიხდეთ მობილურის გატეხილი ეკრანის შეკეთება ან შეცვლა.

არ დაგვავიწყდეს ისიც, თუ რა ზიანს აყენებს გარემოს გადაყრილი ელექტროტექნიკა.

„იმედი მაქვს, თვითაღდგენადი მინა გარემოსადმი მეგობრული ახალი მასალა გახდება, რადგან თავიდან აგვაცილებს დამტვრეული ეკრანების გადაყრას და გარემოს დაბინძურებას“, — უთხრა იანაგიშავამ სააგენტო NHK-ს.

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით