სებ - ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პოლიტიკის განაკვეთს
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებს. ამ ინტერვენციებს მიზნებია სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის თავიდან არიდება. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ინტერვენციებს გამოიყენებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხებისა თუ გრანტების სახით მისაღები სავალუტო შემოდინებების ნაწილის ბაზრისთვის მისაწოდებლად“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
როგორც ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ წინა წლებში გამოშვებული ობლიგაციის დაფარვა, მიმდინარე წლის მაისში სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის.
„იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ უარყოფითად არ იმოქმედოს გაცვლით კურსზე და შედეგად, ინფლაციის მოლოდინებზე, ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით მიაწვდის. 21 მაისის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მათივე თქმით, ეროვნული ბანკი თავისი ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსქ და პოლიტიკის განაკვეთს.
„მიმდინარე წელს უფრო აქტიური ინტერვენციების საშუალებას ეროვნულ ბანკს გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკის განხორციელება აძლევს. სწორედ ამ უკანასკნელის შედეგად, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული ვითარების დროს ინტერვენციების საშუალებით ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონების გარდა, ჭარბი მერყეობის შემცირების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავს წესებზე დაფუძნებულ ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში კურსის მერყეობა წინასწარ დადგენილ ნიშნულს გადასცდება, ეროვნული ბანკი განსაზღვრული ოდენობით მიიღებს მონაწილეობას სავალუტო ვაჭრობებში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
დღევანდელ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1915 შეადგინა.