საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა 27 აგვისტოს დასრულდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა 27 აგვისტოს დასრულდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. 27 აგვისტოს საბოლოოდ სრულად უნდა დასრულდეს შენობა და ჩაბარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამის შემდეგ დაიწყება გადასვლის პროცესი, რისთვისაც ყველანი ვემზადებით. ახალ შენობაში გადასვლა კიდევ ცალკე პროცესია და თითოეული ჩვენი ნაბიჯი საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილება, რომელიც ნამდვილად ძალიან მასშტაბურია, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პროცესის ცვლილებაც, ქვეყნისთვის მართლაც უნიკალური სატელევიზიო სტუდიები, რომელიც საქართველომ სხვადასხვა წარმოებისთვის, მათ შორის კინოწარმოებისთვის, ძალიან კარგად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება საერთაშორისო აუდიტის დასკვნას, ბერძენიშვილის განცხადებით, „ძალიან ამაყები ვართ, შენობა დასრულდა სახელმწიფო შესყიდვების კანონის სრული დაცვით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ და არცერთი შენიშვნა არ მიგვიღია“.
მისივე თქმით, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დადებითი დასკვნა მოამზადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამჭვირვალობა და ფინანსური ანგარიშვალდებულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მით უფრო ახლა, როდესაც 2023 წელს საკმაოდ მსხვილი შესყიდვები გვქონდა, რადგან ახალი კომპეტენცია შევიძინეთ და ახალი შენობის მშენებლობის პროცედურებს გავყევით. მაუწყებლის გუნდს ვულოცავ საერთაშორისო აუდიტის დადებით დასკვნას. შემოწმდა როგორც ფინანსური, ისე სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის აუდიტი. საგადასახადო კუთხით ანგარიშის აუდიტიც მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს გვქონდა 33 175 საბუღალტრო-საფინანსო გატარება-აღრიცხვა და რაიმე ტიპის გადაცდენას ადგილი არ ჰქონია“, – თინათინ ბერძენიშვილმა.
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დადებითი დასკვნა მოამზადა.