საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრზე გაცემული ჰონორარის საკითხზე აუდიტმა პროკურატურას მიმართა
აუდიტის სამსახურმა პროკურატურას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ანგარიშის ნაწილზე გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა.
როგორც პირველ არხს აუდიტის სამსახურში განუმარტეს, პროკურატურას გადაეგზავნა აუდიტის ანგარიშის ის ნაწილი, რომლის მიხედვით, მაუწყებელმა ჰონორარი უსაფუძვლოდ გასცა.
კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, ხუთი თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს განესაზღვრათ უფლებამოსილების ვადები. სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.