საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს დღეს მწერლების ნაწილი დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მწერლებს სურდათ ბორდის პოზიცია მოესმინათ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მაუწყებლის ეთერში გასულ ვიდეომასალათან დაკავშირებით.
შეხვედრის შემდეგ “მოამბის” ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა არის მათი ბოიკოტის მიზეზი, რის გამოც ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალსიტების შეკითხვებს არ პასუხობენ და ნანახი აქვთ თუ არა 27 დეკემბერის 18:00 საათიანი “მოამბის” გამოშვება, სადაც რატიანის საქმეზე, სასამრთლოს მიერ მტკიცებულებად მიღებული ვიდომასალა პირველად გავიდა.
გვანცა ჯობავას თქმით, ბორდის წევრებმა განუცხადეს, რომ რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“ისინი დაგვპირდნენ, რომ დაახლოებით 3-5 დღის განმავლობაში იმსჯლებენ, აწარმოებენ მოკვლევას ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ თავიანთ გადაწყვეტილებას გვაცნობებენ”,- აღნიშნა ჯობავამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო.
“მათ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და ჩვენც შევხვდით. აინტერესებთ, ჩვენი მხრიდან რა რეაქციაა. ჩვენ განვუმარტეთ, რომ გვაქვს პროცედურები და არსებობს ამ პროცედურების შესაბამისი მოქმედებები. მათთაც აქვთ სურვილი, სწრაფად მოხდეს ამის განხილვა. მოხდება ისე, როგორც არის გათვალისწინებული სამართლებრივად”,- განაცხადა გოგელიამ.