საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური შეფასებების ცენტრში მოექცა.
წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასა და მისი არსებული ფორმით ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით არის განპირობებული და არა რაიმე ტიპის არგუმენტებით.
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ესა თუ ის პოზიცია და საკუთარი აზრი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მისი დაფინანსების ფორმებსა თუ კონცეფციაზე და ეს ჯანსაღი განხილვის თემა გახდეს, თუმცა წინასაარჩევნოდ, თანაც ფაქტების უხეში დამახინჯებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების მოთხოვნა არადემოკრატიულია, პოლიტიკური ანგაჟირების ელფერს იძენს და პირდაპირი თავდასხმაა არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეაზეც და შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიაზე განხორციელებული შეტევა.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრის ცალკეული წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ობიექტური და დაბალანსებული მედიასაშუალებების არსებობა.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან კანონი უზრუნველყოფს. შესაბამისად, ყველა ინსტიტუციას და, უპირველესად, პოლიტიკურ სუბიექტებს, მოეთხოვებათ კანონის უზენაესობის დაცვა!
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები მივიჩნევთ, რომ დაუსაბუთებელი და პოლიტიკური მოტივაციით გაჯერებული განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციაზე. ამასთან, აღნიშნული შეიძლება შეფასდეს, როგორც ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, როგორც მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანო, მაქსიმალურად დაიცავს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას და თითოეული თანამშრომლის პროფესიულ და შემოქმედებით თავისუფლებას.
ამასთან, სამეურვეო საბჭო მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს, დააკვირდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს და შეაფასონ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეის წინააღმდეგ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან განხორციელებული დისკრედიტაციის მცდელობა.