საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ლელა გაფრინდაშვილს მოუსმინა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ყოფილ წევრს ლელა გაფრინდაშვილს მოუსმინა. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
დახურულ შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის იმ დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, სამეურვეო საბჭოს წევრი ჰონორარს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში ისევ იღებდა. ამ ინფორმაციის თანახმად, ლელა გაფრინდაშვილმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კიდევ 12 800 ლარი მიიღო.
ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მან ჩაატარა კვლევა და ჩათვალა, რომ თანხა სწორედ ამ კვლევისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების სახით ერიცხებოდა.
„ჩემი ამოცანა იყო, ბორდის წევრებისთვის კიდევ ერთხელ მომეყოლა ის სიტუაცია, რატომ დავიწყე მუშაობა ამ იდეაზე, როდის დავიწყე მუშაობა. რამ გამოიწვია ის გაუგებრობა, რომელშიც აღმოვჩნდით და გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ასეთი სამუშაო ჩაატაროს, თუ ის დარწმუნებული არ არის, რომ ვინმეს ეს აინტერესებს.
ეს არ იყო ოფიციალურად გაფორმებული. ნაშრომი უკვე არსებობს, გასაჯაროებულია და ეს შრომა დღესაც წარმოვადგინე. ბორდს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა, რაღაც ინფორმაცია არ ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ ეს ინფორმაცია ერთმანეთში გავცვალეთ“, – აცხადებს ლელა გაფრინდაშვილი.
კითხვაზე, კვლევის დაწყებამდე არსებობდა თუ არა ოფიციალური დაკვეთა კონკრეტული ხელმოწერით, ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დაკვეთა არ ყოფილა.
„საინტერესოა ის გარემოებები, რატომ მეგონა მე ეს, რომ შეკვეთა იყო, ვის ვუკავშირდებოდი, ვის ვხვდებოდი, ვისთან მქონდა პერსონალური მიმოწერა, რა შინაარსის იყო ეს მიმოწერა და რატომ დაიგვიანა ბორდთან ჩემმა შეხვედრამ, რა გარემოებები იყო, რა დოკუმენტები მაქვს მე დამადასტურებელი, გარდა ამ კვლევისა“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.
სამეურვეო საბჭოსა და ლელა გაფრინდაშვილის შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია ამბობს, რომ მათსა და ლელა გაფრინდაშვილს შორის არანაირი ოფიციალური შეთანხმება არ გაფორმებულა.
„გამოსავალზე ალბათ ვიმსჯელებთ. სამი ფაქტი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით – ჩვენი პოზიცია ითქვა, ბუღალტერიის პოზიციაც – რომ იყო თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ თანამშრომლობის სურვილი ბორდს შეიძლება ჰქონდეს ბევრ ექსპერტთან, მათ შორის ქალბატონ ლელასთან.
თანამშრომლობის სურვილი არ გაფორმებულა სამართლებრივად, არ ყოფილა განსაზღვრული დავალება, ვადა და თანხა. ეჭვი არ მეპარება ლელა გაფრინდაშვილის პატიოსნებაში, ეჭვი არ მეპარება ლელა გაფრინდაშვილის განცხადებაში, რომ მან გარკვეული სამუშაოები და მათ შორის გარკვეული საველე სამუშაოები ჩაატარა. უბრალოდ, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს შორის არ ყოფილა გაფორმებული არანაირი ხელშეკრულება და არც ნამსჯელი არ ყოფილა, რომ რა შინაარსის და რა ტიპის სამუშაო უნდა ჩაეტარებინა ქალბატონ ლელას.
ბუღალტერიამ დაადასტურა, რომ ეს იყო სავალალო შეცდომა, ადამიანური შეცდომა, როცა წევრი არ იქნა ამოღებული უწყისიდან. შესაბამისად, ამ ორ ფაქტს შორის შეცდომასა და ჩვენს სურვილს შორის რომ თანამშრომლობა შემდგარიყო მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს.
რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს – გარკვეული სამუშაო ქალბატონმა ლელამ წარმოადგინა, ალბათ, საბჭო იმსჯელებს, მომავალში ეს სამუშაო გამოადგება თუ არა და შეიძლება თუ არა ქალბატონ ლელასთან ითანამშრომლოს. ამ გადაწყვეტილებაზე დღეს საუბარი არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ ინფორმაცია, ჩვენი ხედვა იმ მოვლენების, რასაც ჰქონდა ადგილი და მე მგონი, არც ქალბატონი ლელა უარყოფს, რომ კონკრეტული საუბარი პროექტის საგანზე, თანხაზე, ვადაზე, ფარგლებზე, მონაწილეებზე, პროცესზე – არ ყოფილა. ისევ ვიმეორებ, რომ არ მეპარება ეჭვი ქალბატონი ლელას მიერ შესრულებულ სამუშაოში და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ქალბატონმა ლელამ შეცდომით ჩარიცხული თანხა აღიქვა გარკვეული თანამშრომლის დაწყების საფუძვლად, მაგრამ ამ თანამშრომლობას არც სამართლებრივი, არც არასამართლებრივი საფუძველი არ ჰქონია“, – განაცხადა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ.