საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არც ერთი.
თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.
არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება სამეურვეო საბჭომ გუშინ გამართა. მისი პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე განხორციელდა. სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. ამასთან, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.