საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლები პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლები პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლები პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ და მაუწყებელში არსებული ვითარება გააცნეს.

პროფკავშირების თავმჯდომარის ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, მათ პრეზიდენტის მრჩევლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებული ოპტიმიზაციისა და ცვლილებების შესახებ.

მისივე თქმით, აუცილებელია მაუწყებელს ჰქონდეს შრომითი პოლიტიკის კოდექსი.

„რაც უფრო მეტ ხანს ვმსჯელობთ ამ თემებზე და რაც უფრო მეტი შეხვედრები გვაქვს, მივდივართ ყველაზე მთავარ მომენტამდე, რომ შრომის პოლიტიკის აუცილებელი დოკუმენტი უნდა შეიქმნას, რაც განსაზღვრავს, რამდენი, როგორ, რა პოზიციებზე იმუშავებენ მაუწყებელში”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის მრჩეველი დოდო შონავა აცხადებს, რომ შრომითი პოლიტიკა მნიშვნელოვანია მედიაორგანიზაციებისთვის, რადგან სარედაქციო დამოუკიდებლობა შრომის პოლიტიკაზეა მიბმული.

განცხადება გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმაც, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტის აპარატი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არხზე არაერთ პრობლემას ხედავენ. ეს ეხება როგორც შრომით პოლიტიკას და ბოლო პერიოდში დაწყებულ ოპტიმიზაციის პროცესს, ასევე ეხება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხებს. ეს კითხვები მნიშვნელოვანია და აუცილებელია, ამ კითხვებზე გაეცეს ნათელი პასუხები. კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი სამეურვეო საბჭოს და საქართველოს პარლამენტს აკისრია, რომელსაც აქვს უშუალო შესაძლებლობა და ვალდებულება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას მუდმივ რეჟიმში ადევნოს თვალ-ყური, მოისმინოს ანგარიში და ა. შ.”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.