საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის გასაუბრება გიორგი ჭანტურიასთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია გიორგი ჭანტურიას გაესაუბრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია დღეს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენს. კომისია კანდიდატებს შემდეგი თანმიმდევრობით უსმენს: მარინა გიორგაძე, არინა თავაქარაშვილი, გიორგი იასაშვილი, ბელა კოპალიანი, ვასილ მაღლაფერიძე, ალექსი ნონიაძე, ლაშა ტუღუში, ლია შავგულიძე, დონარა შონავა, გიორგი ჭანტურია, ზაზა ხუციშვილი.
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა, ხოლო 30 მარტს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეა რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე. კომისიის წევრები არიან: მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი; ეკა მელქაძე − ჟურნალისტი; ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი; ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
კანონმდებლობის თანახმად, საკონკურსო კომისია, კანდიდატთა შერჩევის შემდეგ, წარადგენს თითოეულ ვაკანტურ ადგილზე სულ მცირე სამჯერ მეტ კანდიდატურას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს ექვსი წლისა. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება ორ წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება, აირჩეს მეურვედ ერთ ვადაზე მეტი ხნით.