მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფლობს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია) და სრულად უზრუნველყოფს მატჩების მაღალი ხარისხით ტრანსლირებას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შესაძლებელი საშუალებით (სატელიტური, ტერესტრიალური მაუწყებლობა, IPTV, Web სტრიმინგი და სხვა).
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, დაიცვას მაყურებლის უფლება, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორებთან ნაკისრი ვალდებულებები, იზრუნოს ქვეყნის იმიჯზე და უზრუნველყოს ე.წ. პირატული გზებით ექსკლუზიური პროდუქტის უკანონო და არამართლზომიერი გავრცელების ფაქტების აღმოფხვრა.
საქართველოში ავტორიზებულმა ყველა ტრანზიტორმა სუბიექტმა, რომელსაც სურვილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი განახორციელოს ინტერნეტის საშუალებით (ვებ საიტები, აპლიკაციები, OTT და სხვა მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით) უნდა მიმართოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც უზრუნველყოფს ამ პლატფორმებისათვის განკუთვნილი სიგნალის მიწოდებას არადისკრიმინაციული მიდგომის პრინციპის დაცვით, მაუწყებლის მიერ განსაზღვრული პირობებით.