გზამკვლევი

გენდერულთანასწორობის შესახებ ანგარიში

გენდერულ თანასწორობაზე მომზადებული ანგარიში All Things Being Equal უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ანგარიშზე თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფი მუშაობდა, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლისგან შედგება.

გენდერული თანასწორობის ანგარიში სახელწოდებით All Things Being Equal საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც აგებულია EBU-ს წევრი ქვეყნების რეალურ მაგალითებზე და მოუწოდებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებს, დაიწყონ საკუთარი ორგანიზაციების მონაცემების გადახედვა ამ მიმართულებით და იმოქმედონ გენდერული ბალანსის მისაღწევად.

ანგარიში ევროპის მაუწყებელთა კავშირის 83-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენაში მასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს EBU-ს პრეზიდენტმა/BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა და EBU-ს გენერალურმა დირექტორმა ნოელ კურანმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული ბალანსის ჯგუფის ხელმძღვანელად თინათინ ბერძენიშვილი თავად ტონი ჰოლმა წარადგინა და გენერალურ ასამბლეაზე მადლობა გადაუხადა საქმის მაღალ დონეზე შესრულებისთვის. ტონი ჰოლმა ასევე აღნიშნა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობა 2020 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების სიგნალის ტრანზიტის უფლება

საქართველოში ავტორიზებულმა ყველა ტრანზიტორმა სუბიექტმა, რომელსაც სურვილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი განახორციელოს ინტერნეტის საშუალებით (ვებ საიტები, აპლიკაციები, OTT და სხვა მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით) უნდა მიმართოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებას და ამ პლატფორმებისათვის განკუთვნილი სიგნალის მიწოდებას არადისკრიმინაციული მიდგომის პრინციპის დაცვით, მაუწყებლის მიერ განსაზღვრული პირობებით.

 

მიმართვა უნდა მომზადდეს წერილობითი სახით და გაიგზავნოს მისამართზე: მ.კოსტავას 68. 0171, თბილისი, საქართველო.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ერთი მხრივ, უზრუნველყოს სიგნალის გადაცემასთან დაკავშირებული კანონისმიერი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, დაიცვას მაყურებლის უფლება, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორებთან ნაკისრი ვალდებულებები, იზრუნოს ქვეყნის იმიჯზე და უზრუნველყოს ე.წ. მეკობრეული გზებით ექსკლუზიური პროდუქტის უკანონო და არამართლზომიერი გავრცელების ფაქტების აღმოფხვრა.