საერთაშორისო პარტნიორობა | EBU
EBU

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრია და ეფუძნება EBU-ს ექვს ძირითად ღირებულებას, რაც განაპირობებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის არსებობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ეს ღირებულებებია: უნივერსალურობა, დამოუკიდებლობა, უპირატესობა, მრავალფეროვნება, ანგარიშვალდებულება, ინოვაციურობა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირი 56 ქვეყნის 113 საზოგადოებრივი მედიის ორგანიზაციას აერთიანებს.
პროექტი „ევროპული პერსპექტივა“
2023 წლიდან პირველი არხი პროექტს „ევროპული პერსპექტივა“ შეუერთდა.
„ევროპული პერსპექტივა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ინიცირებული პროექტია, რომელიც გულისხმობს ევროპის გაერთიანებული ქსელური ნიუსრუმის შექმნას, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ერთობლივად მუშაობენ ერთი მიზნისთვის – შექმნან მრავალფეროვანი, კულტურათაშორისი პროდუქტი და საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ შექმნილი სანდო და გადამოწმებული ონლაინ ახალი ამბები.
„ევროპული პერსპექტივის“ წევრები არიან: საქართველო (GPB), ბელგია (RTBF), ესტონეთი (ERR), საფრანგეთი (France Télévisions), გერმანია (BR24) ირლანდია (RTÉ), ლატვია (LSM.lv), ლიეტუვა (LRT), პორტუგალია (RTP), ესპანეთი (RTVE), შვედეთი (SR), შვეიცარია (SWI swissinfo.ch), ჩეხეთი (ČT), საბერძნეთი (EPT), ბულგარეთი (BNT), (BNR), პოლონეთი (Polskie Radio), უკრაინა (Suspilne Ukraine), ფრანკო-გერმანული მაუწყებელი ARTE და სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP), ასევე დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU).
პროექტ „ევროპული პერსპექტივის“ ფარგლებში, ახალი ამბები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ითარგმნება პროექტში ჩართული ქვეყნების ენაზე და ადამიანური რესურსის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმაზე 1tv.ge, ევროპის 18 ქვეყნის 22 ნიუსრუმის ახალი ამბები ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმიდან ახალი ამბები ამ პროექტში ჩართული ყველა ქვეყნის მაუწყებლის ვებპორტალზე თავსდება.
Eurovision Sport

პირველი არხი აუდიტორიას სტრიმინგ პლატფორმაზე 1tvplay.ge Eurovision sport-ის სპორტულ ღონისძიებებს სთავაზობს.
Eurovision sport ევროპის მაუწყებელთა კავშირის მასშტაბური სპორტული სტრიმინგ პლატფორმაა, რომელზეც ევროპის წამყვანი საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ ტრანსლირებული და სხვადასხვა საერთაშორისო ფედერაციების სპორტული ღონისძიებები არის ხელმისაწვდომი, როგორც ლაივ რეჟიმში, ასევე ჩანაწერის სახით.
ახალი ამბების, მუსიკის, პროგრამების გაცვლა

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ხელმისაწვდომია ევროპის 56 ქვეყნის მაუწყებლის კონტენტი, მათ შორის ახალი ამბები, მუსიკა და სხვადასხვა პროგრამები, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, მუდმივად იყოს მსოფლიო მოვლენების ეპიცენტრში, ეთერში განათავსოს მაღალი ხარისხის პროგრამები და რადიომსმენელს შესთავაზოს უმაღლესი დონის მუსიკა.
EBU კომიტეტებში წარმომადგენლობა
საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოდგენილია ევროპის მაუწყებელთა კავშირის შემდეგ კომიტეტებში:
- მედიაკომიტეტი
- რადიოკომიტეტი
- ადამიანური რესურსების კომიტეტი
პროფესიულ ჯგუფებში წარმომადგენლობა:
- გენდერის ჯგუფი
- საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფი
- სტრატეგიის ჯგუფი
EBU გენდერული თანასწორობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი 2019 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელია.
თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფმა, რომელიც ევროპის 11 ქვეყნის წარმომადგენლისგან შედგება, მედიაორგანიციებისთვის გენდერული თანასწორობის ერთგვარი გზამკვლევი შექმნა, რომელიც ემყარება EBU-ს წევრი ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკას და მოიცავს რეკომენდაციებს, როგორ შეიქმნას ქალების და მამაკაცების თანაბარუფლებიანი გარემო. გენდერული თანასწორობის გზამკვლევი 5 ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულად.
საერთაშორისო სპორტული მოვლენები
საზოგადოებრივი მაუწყებელი EBU-სთან თანამშრომლობით, მაყურებელს მრავალფეროვან საერთაშორისო სპორტულ მოვლენებს სთავაზობს. მათ შორის, 2026-2032 წლების ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიური თამაშები, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში 2026, მსოფლიო თასი რაგბიში 2027, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში EURO 2028, 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები ფეხბურთში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები კალათბურთში 2027-2029, ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში 2026, ქალთა ჩოგბურთის მსოფლიო 250, 500 და 1000 ტურნირები 2026, საქართველოს ნაკრების საერთაშორისო მატჩები ფეხბურთში, საქართველოს ნაკრების საერთაშორისო მატჩები კალათბურთში, ესპანეთის ჩემპიონატი კალათბურთში 2025-2026.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი

საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოდან წარადგინოს კონკურსანტი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ შოუზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო. საქართველომ კონკურსს ორჯერ, 2017 და 2025 წელს უმასპინძლა.
კონსტრუქციული ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო

საქართველოს პირველ არხს რამდენიმე წელია დანერგილი აქვს ახალი ამბების გაშუქების ახალი და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე დამკვიდრებული სტანდარტი – კონსტრუქციული ჟურნალისტიკა.
პირველი არხის 18-მა ჟურნალისტმა გადამზადების კურსი დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტში გაიარა.
„მედია უნდა გადაიქცეს საზოგადოების მეგობრად, გზამკვლევად და სანდო ავტორიტეტად. ავტორიტეტს კი მხოლოდ მაშინ მოიპოვებ, თუკი იცი, რას ლაპარაკობ და საზოგადოებრივ ინტერესს პირადზე მაღლა აყენებ“, – ულრიკ ჰააგერუპი, კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტი. კონსტრუქციული ახალი ამბები ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული. ეს არის ახალი ამბები, რომელიც უკეთესი მომავლის შესახებ საჯარო დისკუსიას უწყობს ხელს.
BBC 50:50

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მაუწყებელი BBC-თან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს 50:50, რომელიც შესაძლებლობას აძლევს უახლოეს წლებში მიაღწიოს გენდერულ ბალანსს ეთერში – რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე.
RAI

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს იტალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მაყურებელს მის მიერ წარმოებულ სერიალებსა და მინისერიალებს სთავაზობს.
BBC Studios

BBC Studios საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელოვანი პარტნიორია, თანამშრომლობის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა „ბიბისი სტუდიოს“ მიერ წარმოებული საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმები, სერიალები, საბავშვო პროგრამები და ხორციელდება შემეცნებითი სატელევიზიო ფორმატების შესყიდვა.
ARTE

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს ევროპის კულტურის საზოგადოებრივ მედიაორგანიზაციასთან ARTE და ეთერში ათავსებს მის მიერ წარმოებულ მაღალი ხარისხის შემეცნებით-დოკუმენტურ ფილმებს.
Metro Goldwyn Mayer

Metro Goldvin Mayer–ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის შედეგად საქართველოს პირველი არხი მაყურებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას კლასიკური და თანამედროვე ფილმების საშუალებით სთავაზობს.
Studiocanal

Studiocanal–ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს პირველი არხი მაყურებელს პრემიუმ საუკეთესო ხარისხის მხატვრულ ფილმებს სთავაზობს.
Thomson Reuters

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს ახალი ამბების მსოფლიო სააგენტოსთან Thomson Reuters და უწყვეტ რეჟიმში იღებს ახალ და მიმდინარე ამბებს მსოფლიოდან.
UEFA

საზოგადოებრივი მაუწყებელი UEFA-თან თანამშრომლობის შედეგად მაყურებელს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საერთაშორისო მატჩებს სთავაზობს. ასევე ევროპის ჩემპიონატებს ფეხბურთში EURO 2028 და 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებს ფეხბურთში.
FIBA

საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ჩვენებას კალათბურთში, ასევე საქართველოს ნაკრების შესარჩევი მატჩების ტრანსლირებას FIBA-სთან თანამშრომლობით.