საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას იწყებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას იწყებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას იწყებს.

პირველი არხის და საქართველოს რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის  მონიტორინგი პირველი სექტემბრიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას.

მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფენ  სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემების სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.

საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკის შესაბამისად გაიზომება:

  • გაშუქებული თემა დათმობილი დროის მიხედვით
  • გაშუქებული სუბიექტი დათმობილი დროის მიხედვით
  • სუბიექტის პირდაპირი და ირიბი გაშუქება დათმობილი დროის მიხედვით
  • სუბიექტის გაშუქება ტონის მიხედვით (პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური)

მედიამონიტორინგის ცალკეული კომპონენტები გამოქვეყნდება ყოველკვირეულად, მთლიანი ანგარიში კი – საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ.

მიმდინარე მონიტორინგის პირველ  შედეგს წარმოადგენს „მოამბის“ ყველა გამოშვებაში გაზომილი საარჩევნო სუბიექტები დათმობილი დროის მიხედვით. სლაიდი მოიცავს პირველიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, „მოამბის“ ყოველდღიურ გადაცემებს:

  • მოამბე (08:00)
  • მოამბე (09:00)
  • მოამბე (10:00)
  • მოამბე (12:00)
  • მოამბე (15:00)
  • მოამბე (18:00)
  • მოამბე (21:00)

პარტიები აღნიშნულია სახელწოდებებით, რომლითაც ისინი მონაწილეობენ არჩევნებში. მონაცემები აღებულია ცესკოს ოფიციალური ვებგვერდიდან. სუბიექტების უკეთ აღქმისა და იდენტიფიკაციისთვის ჩამონათვალს დავურთეთ პარტიების ლოგოტიპები.

ცესკოში, 14 სექტემბრის მდგომარეობით,  რეგისტრირებული პარტიების გარდა, მონიტორინგი მოიცავს არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატების გაშუქების ხანგრძლივობას ჯამურად, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების შუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის დათმობილ დროს.

მონიტორინგის მიხედვით,  გაშუქება ხორციელდება საარჩევნო სუბიექტების აქტივობის შესაბამისად. სულ გაშუქდა 30 რეგისტრირებული პარტია. წარმოდგენილი  საარჩევნო სუბიექტების გაშუქებას „მოამბეში“ 03:30:00 (სამი საათი და ოცდაათი წუთი) დაეთმო. ყველაზე აქტიურ, პირველ სამ პარტიას შორის, „მოამბის“ მიერ დათმობილი დროის 1-3 წუთიანი განსხვავებაა, რაც ნიშნავს, რომ საინფორმაციო გადაცემებში დროის განაწილების ბალანსი დაცულია.

უწყვეტი მონიტორინგი და შედეგების პერმანენტული გამოქვეყნება  შესაძლებელს გახდის საარჩევნო პროცესის გაშუქებაზე დინამიკაში დაკვირვებას და საეთერო დროის თანაბარ განაწილებას საარჩევნო სუბიექტებს შორის, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულ არჩევანს.

მოცემულ სლაიდზე თითოეული სუბიექტისთვის დათმობილ დროსთან ერთად, წარმოდგენილია პროცენტული გადანაწილება, სადაც 100% არის საანგარიშო პერიოდში სუბიექტების გაშუქების საერთო ქრონომეტრაჟი.

(სლაიდი 1)