საზოგადოებრივი მაუწყებელი - უპრეცედენტო ტელეყურება და ნახვა ციფრულ პლატფორმებზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მატჩი, გარდა სპორტული მნიშვნელობისა, როგორც სატელევიზიო პროდუქტი, ევრო 2024-ის მასპინძელ მაუწყებელზე – პირველ არხზე უპრეცედენტო, რეკორდული ტელეყურებით იყო გამორჩეული.
26 ივნისს საქართველო-პორტუგალიის მატჩის ტელეყურების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ერთ კონკრეტულ სატელევიზიო პროდუქტს წუთში საშუალოდ 1 272 511 ნახვა ჰქონდა, რაც აღემატება 26 მარტის (საბერძნეთი-საქართველო) მაჩვენებელს, რომელიც 1 061 767 შეადგენდა, აღნიშნულ მონაცემებში არ შედის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ჯგუფური ყურება.
ონლაინ სტრიმინგის საშუალებით მატჩს 820 000 ადამიანმა ადევნა თვალი, რაც უჩვეულოდ მაღალი რიცხვია არა მხოლოდ საქართველოს ტელეაუდიტორიისთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც.
„ისტორია ჩვენ თვალწინ დაიწერა. მინდა, მივულოცო საზოგადოებას ეს უდიდესი გამარჯვება, საქართველომ გაიბრწყინა ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი ნაკრები ყველასგან გამორჩეულ, საამაყო და ემოციურ თამაშებს მართავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის ასეთ დროს ყველაზე კარგად ჩანს, რადგან სწორედ ეს არის არხი, რომელიც ფინანსური, ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსის საშუალებით უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომობას. გვჯერა, გაგრძელება იქნება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს აუდიტორია სხვადასხვა პლატფორმაზეა ფრაგმენტირებული, საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გავრცელების სტრატეგიას და პრიორიტეტულად განიხილავს ციფრული პლატფორმების გაძლიერებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შექმნილ პირველ ქართულ უფასო სტრიმინგ პლატფორმას, 1tvplay-ს, რომელიც სექტემბერში ჩაეშვა, უკვე 300 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
პლატფორმაზე განთავსებულია პირველი არხის მიერ შექმნილი ქართული ფილმები და სერიალები, დოკუმენტალისტიკა, ექსკლუზიური სპორტული ტრანსლაციები, ანიმაცია, სატელევიზიო შოუები, ძველი ქართული ფილმები, ასევე ხელმისაწვდომია პირველი არხის ფილმების კატალოგი საუკეთესო ქართული გახმოვანებით.