საზოგადოებრივი მაუწყებელი გავრცელების სტრატეგიაზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები – ტრანსფორმაციის სერვისის ხელმძღვანელი საშა სკოტი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.
მედიის აუდიტორია სწრაფად იცვლება და ფრაგმენტირდება, შესაბამისად, მედიაორგანიზაციებს პროდუქტის უკეთ გავრცელების მიმართულებით ახალი ხედვისა და მიდგომების ჩამოყალიბება მუდმივად უწევთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ციფრული პლატფორმების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, რადგან, როგორც ბოლო წლების კვლევები აჩვენებს, სულ უფრო მცირდება ტრადიციული მედიის საშუალებით ინფორმაციის მიღება და, პირიქით, იზრდება სოციალური ქსელებისა და ციფრული პლატფორმების მოხმარების მასშტაბი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი სულ მალე აუდიტორიას BVOD (Broadcaster Video on Demand) სერვისს შესთავაზებს, რომელიც ორიგინალური მრავალფეროვანი პროდუქტის ხელმისაწვდომობას უფრო კომფორტულსა და მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის.
პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, სიახლე არ არის, რომ შეიცვალა როგორც მედიამოხმარება, ასევე თავიდან ბოლომდე შეიცვალა თავად მედიაც. მისივე თქმით, გავრცელების ახალი გზების პოვნა ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის აქტუალური თემაა.
„ერთი მხრივ, ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვა მრავალფეროვან გარემოში სიახლის მუდმივ შეთავაზებას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია ქმნის ახალ პლატფორმებს, სადაც მომხმარებელს საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად უნდა დახვდეს. ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტი, როგორ უნდა მივწვდეთ ახალგაზრდა თაობას, რომელიც საერთოდ აღარ მოიხმარს ტელევიზორს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ამის აღიარება, ეს უკვე გაცხადებული ფაქტია. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, მათ შორის, ვალდებულებაც, დაფაროს ყველა ასაკობრივი ჯგუფი, მათ შორის 18-24, რომელიც არ არის აქტიური ტელემაყურებელი, თუმცა ძალიან აქტიურია მედიამოხმარების თვალსაზრისით. საკმაოდ დიდი ხანია, დავიწყეთ ფიქრი, დისტრიბუციის როგორი სტრატეგია გვაქვს. ჩვენი შინაარსი, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან განსხვავებულია, მით უფრო, ბოლო წლებში, ძალიან შეიცვალა; ყველა გამოკვლევით ვიღებთ შედეგებს მოსახლეობისგან, რომ, დიახ, ვუყურებთ ამა თუ იმ გადაცემას, თუმცა ხშირად ამას არ ასოცირებენ პირველ არხთან. ამიტომ ვიწყებთ ძალიან მძლავრ ახალ სტრატეგიას, რომელსაც დისტრიბუციის სტრატეგია ჰქვია“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში არა მხოლოდ საქართველოს პირველი არხი, არამედ ევროპის მაუწყებელთა კავშირი და მისი წევრი მედიაორგანიზაციებია გაერთიანებული.
„ახლა ეს ჯგუფი საქართველოს ესტუმრა, თუმცა მანამდე იგივე ჯგუფი მუშაობდა სკანდინავიის ქვეყნებში, ბრიტანეთში და ევროპის მაუწყებელთა კავშირის დიდ ქსელში. ჩვენ პატარა სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა რგოლიდან და ჩამოსულ ექსპერტებთან ერთად, გვაქვს ონლაინსაუბრები ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ყველა ლიდერთან, ვინც უკვე ჩამოაყალიბა ეს სტრატეგია. ჩვენც ვიქნებით შემდეგი ქვეყანა. მაყურებლისთვის რაც იქნება მნიშვნელოვანი, ვემზადებით და უკვე მაისში ჩვენი ახალი VOD პლატფორმა ჩაეშვება. ვფიქრობ, მაყურებელს შევუქმნით ახალი მედიის, ციფრული მედიის ძალიან შთამბეჭდავ მრავალფეროვან კონტენტს, მასში მოგზაურობის შესაძლებლობას. რაც მთავარია, მათზე მორგებულს, ინკლუზიურსა და საინტერესოს, რადგან ყველაფერი საუკეთესო, რასაც პირველი არხი აკეთებს, თავს მოიყრის ამ პლატფორმაზე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ტრანსფორმაციის სერვისის ხელმძღვანელის, საშა სკოტის თქმით, მნიშვნელოვანია შესწავლა, ზუსტად რა სჭირდება ქართველ მაყურებელს და სტრატეგიის ამის მიხედვით შემუშავება.
„ორი დღეა, ციფრული დისტრიბუციის სტრატეგიაზე ჩვენს კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ. ვცდილობთ, გავიგოთ, ზუსტად რა სჭირდება ქართველ მაყურებელს და როგორ უნდა შემუშავდეს ზუსტი სტრატეგია. ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად წინ მიდის, იცვლება ის პლატფორმები, რომლებიც პოპულარულია ინფორმაციისა და მედიაკონტენტის გავრცელების ინსტრუმენტებად. ამიტომ მნიშვნელოვანია კვლევა და ზუსტი დოკუმენტის შემუშავება. ჩვენ გავცვალეთ იდეები, ვაკეთებთ რუკებს, ვითვალისწინებთ ყველა ჯგუფის ინტერესს. ასევე, გვაქვს ვიდეოჩართვები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი ტელევიზიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ“, – განაცხადა საშა სკოტმა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, რადკა ბეთჩევას თქმით, გავრცელების სტრატეგიაზე მუშაობისას ქართველ კოლეგებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის გამოცდილებას უზიარებენ.
„საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის მნიშვნელოვანი და ღირებული წევრია. ჩვენ მუდამ ვცვლით ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენი მიზანია, ყოველთვის ავუწყოთ ფეხი თანამედროვე გამოწვევებს, ასევე ციფრული სამყაროს წინსვლას. ჩვენმა კოლეგებმა გვთხოვეს, ერთად გვემუშავა ციფრული დისტრიბუციის სტრატეგიაზე, რადგან ჩვენ უკვე დიდი ხანია, დავაგროვეთ გამოცდილება ამ საკითხში. ორი დღეა, ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.