საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევროკომისია/ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA – European Education and Culture Executive Agency) რადიოთეატრის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პროექტს, The Synchromesh-ს იწყებს.
საქართველოში რადიოთეატრს დიდი ტრადიცია აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ფონდში დაცული პირველი რადიოდადგმა 1953 წლით თარიღდება. შესაბამისად, წელს რადიოთეატრს 70 წელი შეუსრულდა. მანამდე კი, გასული საუკუნის 30-იან წლებში რადიოსპექტაკლები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
The Synchromesh-ი ემსახურება რადიოს ერთ-ერთი უძველესი ჟანრის, რადიოთეატრის პოპულარიზაციასა და განვითარებას. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მასში მონაწილეობას შვიდი ქვეყანა იღებს: საქართველო, ირლანდია, ალბანეთი, უნგრეთი, იტალია, უკრაინა და რუმინეთი.
პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს, სემინარებსა და საზაფხულო სკოლას. პროექტის საბოლოო მიზანია სახელოვნებო დარგის შემოქმედთა მოზიდვა, სწავლება და საბოლოოდ რადიოსპექტაკლის შექმნა.
The Synchromesh-ი ტრანსნაციონალური პროექტია და რადიო აუდიოდრამის სფეროში კარიერით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტი ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობას, განივითარონ შესაბამისი უნარები, მათ შორის: წერა, სამსახიობო ხელოვნება, რეჟისურა, მუსიკა, წარმოებისა და ტექნიკური უნარები აუდიო რადიოდრამის მიმართულებით. მონაწილეებს პროექტი საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.
პროექტის დასაწყისში გათვალისწინებულია ორკვირიანი საზაფხულო ტური (25 აგვისტოდან – 8 სექტემბრამდე) რუმინეთში, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა მონაწილე. საზაფხულო სკოლა მონაწილეებისთვის არის უფასო (ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯები ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში), თუმცა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გადახდას.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეები ჩამოაყალიბებენ მცირე ჯგუფებს (4-5 წევრი), რომლებმაც უნდა შექმნან სრულმეტრაჟიანი (ერთი საათი) პროფესიონალური აუდიოდრამა. მონაწილეები მიიღებენ შესაბამის ბიუჯეტს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ, აანაზღაურონ შესაბამისი ხარჯები. მონაწილეებს პროექტის განხორციელებისთვის ექნებათ 18 თვე, რის შემდეგაც მოხდება პროექტის პრეზენტაცია და პრომოუშენი.
მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან მასტერკლასების სერიაში, რომლებიც ჩატარდება მათსავე ქვეყანაში. ყველა მონაწილეს ექნება კავშირი პროფესიონალ მენტორთან თავისივე ქვეყანაში.
პროექტი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ამ მიმართულებით კარიერას, მათ შორის: რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები, მუსიკოსები, ხმის ინჟინრები, პროდიუსერები და ა.შ. ჩვენ ვეძებთ მონაწილეებს, რომლებიც პროფესიულ დონეზე არიან დაინტერესებული აუდიო/რადიოდადგმებით.
მონაწილეებს უნდა შეეძლოთ საზაფხულო სკოლის კურსში ჩართვა და პროექტის ბოლომდე მიყვანა. მოხარულები ვიქნებით, პროექტში ჩაერთონ სხვადასხვა გამოცდილების ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ პროფესიული განვითარებისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობები და ა.შ. თუმცა, მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ პასპორტი, შეეძლოთ მოგზაურობა და ფლობდნენ ინგლისურ ენას B2 დონეზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– აღნიშნულ როლზე პრაქტიკული გამოცდილება (რეჟისორი, მსახიობი, მუსიკოსი, სცენარისტი, კომპოზიტორი, ხმის რეჟისორი, პროდიუსერი);
– თეატრსა და რადიოში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
– ორი კვირა საზღვარგარეთ დაყოვნების შესაძლებლობა და გამართული დოკუმენტაცია მგზავრობისათვის (პასპორტი და სხვა);
– ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე;
– რადიოდრამის მიმართ ინტერესი და შესწავლის სურვილი;
– პროექტის შექმნის პროცესში მონაწილეობისათვის დროითი რესურსი.
კონკურსში წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
– CV/რეზიუმე;
– შევსებული აპლიკაცია (გთხოვთ, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, შეავსეთ და გამოგზავნეთ ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე);
– ნამუშევარი (აპლიკაციის და რეზიუმეს გამოგზავნისას ატვირთეთ მეილზე, მოცულობითი ფაილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ cloud სისტემა);
– ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინტერვიუ ჩატარდება ინგლისურად).
კონკურსის ეტაპები:
– აპლიკაციის შერჩევა და ნამუშევრის შეფასება;
– გასაუბრება.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგზავნოთ წარმოსადგენი დოკუმენტაცია არაუგვიანეს 21 ივლისისა ელ.ფოსტაზე: [email protected]
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: [email protected]