საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ პროექტებთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრებს მართავს 

საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს იწყებს. „გადაწყვეტილება“ – ასე ერქმევა გადაცემას, რომელიც ოქტომბრიდან ყოველ ოთხშაბათს, 22:30 საათზე გავა ეთერში. გადაცემის წამყვანი გიორგი გვიმრაძე იქნება. აღნიშნული ფორმატით, პირველი არხი საზოგადოებას სთავაზობს ფართო დისკუსიას განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე.

ცვლილებები ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოვა, რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ თვალი ადევნოს მათი გააზრების, მიღებისა და განხორციელების ლოგიკას, არამედ ჩაერთოს დისკუსიაში, გამოთქვას საკუთარი შეხედულებები, დასვას მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღოს პასუხები კომპეტენტური ადამიანებისგან.

გადაცემაში წარმოდგენილი იქნება როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე – მასწავლებელები, მშობლები, განათლების ექსპერტები, რომლებიც აქტიურად იმსჯელებენ წარმოდგენილ საკითხებზე და საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეგიონებში შეხვედრებს მართავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ფილოლოგი გია მურღულია და მედიის ბლოკის ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე.

დღეს შეხვედრა გაიმართა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, ქუთაისამდე კი შეხვედრა გაიმართა გურჯაანში. შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მასწავლებლები და სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები. ყურადღება ეთმობა როგორც მიმდინარე საკითხებს, ასევე სასკოლო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს, პრობლემებსა თუ სიახლეებს. შეხვედრები ხსენებულ საკითხთა ობიექტური განხილვისა და საზოგადოებრივი შეფასების თავისუფალ და ღია პლატფორმად იქცევა.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, 22:30 საათზე პირველი არხის ეთერში გავა მცირეფორმატიანი გადაცემა, რომლის მიზანიც იქნება საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან დასმულ შეკითხვაზე მიიღოს პასუხი მოწვეული სტუმრებისგან და მთავარი თოქშოუს ეთერში გასვლამდე გაიგოს და გაასაჯაროოს ყველა ის შეკითხვა თუ მოსაზრება, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს გაუჩნდება. კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცემა ყველას, ვინც ჩაწერს ვიდეოს და გამოგზავნის ჩვენს ვებგვერდზე www.1tv.ge. აღნიშნულ ფორმატს გაუძღვება მარიამ შალიკაშვილი.