საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ბოლო ანგარიშები არ შეესაბამება მიუკერძოებელი და ობიექტური კვლევის სტანდარტს
საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ბოლო ანგარიშები არ შეესაბამება მიუკერძოებელი და ობიექტური კვლევის სტანდარტს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ  მომზადებული ანალიზი კვლავ  არ შეესაბამება მიუკერძოებელი და ობიექტური კვლევის სტანდარტს.

სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პირველი არხის სატელევიზიო პროდუქტების რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტების  შესახებ მცდარი ფაქტობრივი მონაცემები.

საქართველოს პირველი არხის ორ საინფორმაციო პროგრამაში – „მოამბე 21:00“ და „ახალი კვირა“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაზომილი, პარტია „ქართული ოცნების“ გაშუქების დრო (07:45:19) არ შეესაბამება სინამდვილეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, იმავე გადაცემებში „ქართული ოცნების“ გაშუქების ხანგრძლივობა, ანგარიშში მითითებულ პერიოდში, გაცილებით ნაკლები იყო (05:43:53). ანგარიშის აღნიშნული ცდომილება მნიშვნელოვნად ცვლის და არასანდოს ხდის კვლევის მთავარ მიგნებებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 18 თებერვლის გადაცემის შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ანგარიშის თვისებრივ ნაწილში აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტიის მიმართ დადებითი განწყობა გამოვლინდა „მოამბეში“ გიორგი გახარიას გადადგომის გაშუქებისას“ რაც, მათი აზრით,  პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის პირველ ამბად გაშუქებაში გამოიხატა.

მივიჩნევთ, რომ სიუჟეტების რიგითობაზე აქცენტი ამ შემთხვევაში არარელევანტურია, რადგან ეს იყო მოამბის სპეციალური გამოშვება, რომელიც 2 საათისა და 30 წუთის განმავლობაში კომპლექსურად და ყველა მხარის ჩართულობით  მხოლოდ  ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენის და გიორგი გახარიას გადადგომის საკითხს განიხილავდა.

როგორც ჩანს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორებს გადაცემა არ უნახავთ, სხვა შემთხვევაში, ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა ის ფაქტი, რომ გადაცემის წამყვანმა ამ დღეს განსაკუთრებულად მაღალ პროფესიულ დონეზე მოახერხა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში შეენარჩუნებინა მიუკერძოებლობა და დამაზუსტებელი კითხვების საშუალებით ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა მაყურებლისთვის.

ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ: „იმის მიუხედავად, რომ „მოამბე“ მუდმივად ცდილობს სიუჟეტებში მხარეთა მრავალფეროვნება წარმოაჩინოს, ზოგჯერ მაინც შესამჩნევია ცალკეული ჟურნალისტების მიკერძოებული დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისადმი“. ამის მაგალითად კი მოყვანილია არა რამდენიმე ჟურნალისტის, არამედ „მოამბის“ მხოლოდ ერთი ჟურნალისტის სიუჟეტები, რომელთა განხილვას კვლევის თვისებრივი ნაწილის არსებითი მოცულობა ეთმობა და სიუჟეტების ავტორის მიკერძოების ნაცვლად მასალის ინტერპრეტაციის გამომხატველია.

აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტების განხილვა, მათი ურთიერთმიმართების გააზრების გარეშე, კვლევის ხარვეზია, ხოლო მოყვანილი მაგალითები არ იძლევა განზოგადებული დასკვნებისთვის საჭირო მყარ საფუძველს.

ამასთან, მაუწყებლისთვის კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიჩქმალვის ბრალდება. თავდასხმის ფაქტი პირველი არხის რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა, მათ შორის, 26 თებერვალს მოამბეში 21:00 ფაქტის გაშუქებას 04:20 წუთი დაეთმო, ხოლო მოამბემ 12:00 გამოშვების 21 წუთზე გადმოსცა ჟურნალისტების მიერ ბათუმში გამართული სოლიდარობის აქციაც.

პოლიტიკური და მედიაპოლარიზაციის პირობებში მაუწყებლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის სტანდარტების დამკვიდრება, რომელიც ნამდვილად ქმნის დაპირისპირებული მხარეების ერთ სივრცეში წარმოჩენის შესაძლებლობას. ამის მაგალითია პირველი არხის ტოკშოუ „თავისუფალ ხედვაში“ გამართული დებატების პრეცედენტი. სამწუხაროდ, ქარტიის ანგარიშებში, მათ შორის სატელევიზიო ტოკშოუების ანგარიშში, მაუწყებლისთვის ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ჯეროვანი შეფასების გარეშე დარჩა, ხოლო კონსტრუქციული ჟურნალისტიკისკენ მიზანმიმართული ნაბიჯები კრიტიკულობის ნაკლებობად და მმართველი გუნდის მიმართ ლოიალურ პოზიციად იქნა აღქმული.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთხელ გამოვიდა მედიის მონიტორინგის მეთოდოლოგიის განვითარების ინიციატივით. მაუწყებელმა სანდოობის უზრუნველსაყოფად გამოთქვა შიდა მონიტორინგის მონაცემების ქარტიის მონაცემებთან დეტალური შედარების მზაობა.  ამის შესახებ ინფორმირებული არიან კვლევის საერთაშორისო დონორები და მაუწყებელს მათგან რეაგირების, სამომავლოდ კი მედიის მაღალი სტანდარტით მონიტორინგის  იმედი აქვს.