„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭისყრამდე ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.
პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პროექტის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა, ასევე ეკონომიკისთვის შეუქცევადი ზიანის არიდება და ასევე ის, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს.
„ამ თემის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება არის დაუშვებელი. არის ორი გზა – ერთი არის, დაავალო მთავრობას და მისცე საშუალება, რომ იბრძოლოს ამის წინააღმდეგ ეფექტურად. მეორე არის, რომ გამოაცხადო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რასაკვირველია იმოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებების რეალიზაციაზე. არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალ დონეზე, ამ პერიოდისათვის უნდა იყოს დაცული და უსაფრთხო მდგომარეობა მთელ საქართველოში. აი, ეს არის მთავარი ამოცანა. რასაკვირველია, ამ ურთულეს სიტუაციაში, რომელშიც რეგიონიც აღმოჩნდა და მდგომარეობაც რთულდება, საქართველომ უნდა მოახერხოს და გადაარჩინოს თავისი მოსახლეობაც და საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ეკონომიკას ცოტა მაინც მიეხმაროს იმდენად, რომ საზოგადოებამ, რაც შეიძლება ნაკლებად გადაიტანოს ეს უმძიმესი პერიოდი. ამიტომ გახდა აუცილებელი, რომ მივიღოთ ეს კანონი”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია. როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია.
„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება კოვიდის ეგიდით უფლებებს, ადამიანების შეზღუდვას და ასე შემდეგ, ეს უნდა იყოს საპარლამენტო კონტროლით განხორციელებული და არ უნდა იყოს მთავრობის დისკრეციული უფლება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.