საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარებაზე ჯარიმა შესაძლოა, 500-დან 200 ლარამდე შემცირდეს
საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული ჯარიმების რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს.
შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.
ცვლილებებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ან თამბაქოს მოწევის აკრძალვა-შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა 500 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება.
ასევე, კანონპროექტით, 1000 ლარიდან 400 ლარამდე მცირდება განმეორების შემთხვევაში, განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაც.
გარდა ამისა, ცვლილებებით, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ შენობა-ნაგებობაში, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც მოწევა აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, განმეორებითი შემთხვევა კი, 200 ლარით დაჯარიმდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება.
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები მიმდინარე წლის პირველ მაისს ამოქმედდა.