საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ითანამშრომლებენ პარლამენტის მიერ პარლამენტის არხის ამოქმედების მიმართულებით, რაც გულისხმობს რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ღონისძიებების ტრანსლაციას, რომლის შინაარსზე, დროსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია პარლამენტი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირი ტრანსლაციის ხელმისაწვდომობას.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტები და საზოგადოებრივი მაუწყებლები განსხვავებული ფორმით თანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ საკანონმდებლო ორგანოს და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარი თანამშრომლობა შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვან და აუდიტორიისთვის აქტუალურ საკითხებზე პირველწყაროდან ინფორმაციის პირდაპირ რეჟიმში მიღებას.