საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება ან მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს
საქართველოში წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის რაოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 500 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. კერძოდ , კანონპროექტით, წვრილმანი ხულიგნობა – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად მიიჩნევა, გათვალისწინებულია 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება.
ამასთან, ცვლილებებით, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთმევა.