ვიმედოვნებთ, ოპოზიცია და მათ უკან მდგომი დასავლეთის ნეოლიბერალური რადიკალები შეეგუებიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ომსა და მშვიდობას, კეთილდღეობასა და ნგრევას შორის, – ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებლები, რომელთა შორის კულტურის, სპორტის, მეცნიერების სფეროების ცნობილი წარმომადგენლები შედიან, მწუხარებას გამოთქვამენ საარჩევნო პროცესში გარედან ზღვარგადასული ჩარევის გამო.
„სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით გარედან იმართებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სწორედ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით წარიმართა „ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ“.
„2024 წლის 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჩვენმა საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გარედან ზღვარგადასული ჩარევის საფრთხეზე და მისგან გამომდინარე ყველა ნეგატიურ შედეგზე. მაგალითად მოყვანილი იყო „მაკკეინის ინსტიტუტის“ 20 სექტემბრის ანგარიში, რომელშიც იკითხებოდა ხელისუფლების შეცვლის უცხოეთიდან თავს მოხვეული სცენარი. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი ახდა. ზუსტად „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული ორგანიზაციის დოკუმენტში ეწერა: „პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის“. ანუ, თუ ეკა გიგაური-ნინო ლომჯარიას მიერ კონტროლირებადი „არასამთავრობოების“ დათვლის შედეგი და კეზერაშვილ-გვარამიას ტელევიზიების ეგზიტპოლები არ დაემთხვეოდა ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, არჩევნები წინასწარ არალეგიტიმურად ცხადდებოდა.
მართლაც, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციამ ჯერ „გამარჯვება“ იზეიმა, ცესკო-ს შედეგების გამოქვეყნებისთანავე კი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა.
Edison Research-ისგან „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ 12,1 %-ით გაყალბება არ გაგვკვირვებია. ყველა წინა წლების სტატისტიკა დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ამ კომპანიის კვლევებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14% ნაკლები იყო ცესკო-ს საბოლოო შედეგებზე. ამ შემთხვევაშიც ეს კომპანია საქართველოში არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას მოემსახურა, არამედ მანიპულაციებს, რათა ოპოზიციისთვის საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის.
სინამდვილეში კი პირიქით გამოუვიდა, სიყალბეზე „მოზეიმე“ ოპოზიცია დღემდე ვერ გამოვიდა შოკიდან, რომელიც ცესკო-ს რეალური შედეგების გამოცხადებიდან მიიღეს.
რა თქმა უნდა, უცხოელი პატრონების ორმაგი და სამმაგი სტანდარტების გამო ოპოზიცია, ე.წ. არასამთავრობოები და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ გრძნობენ უხერხულობას ორ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გათვალეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ კურატორებმა. კერძოდ, ცესკო-ს მონაცემებს დაემთხვა არა მხოლოდ „გორბის“ ეგზიტპოლი, არამედ, რაც მთავარია, იმ ISFED-ის პარალელური ხმების დათვლის შედეგი (მათივე აღიარებით), რომელმაც 2020 წლის არჩევნებისას PVT გააყალბა.
ის, რომ ISFED-ის ხელმძღვანელები თავს იკავებენ შედეგების გასაჯაროებისგან აბსურდული მოტივით – თურმე მათივე ჩატარებული კვლევა არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ განწყობას, არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში და იმართებიან გარედან. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში ასევე იყო გაწერილი, თუ ცესკო „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად დაასახელებდა, ვის უნდა გამოეცხადებინა არჩევნები არალეგიტიმურად და რა უნდა ყოფილიყო ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა.
ანგარიშში აღნიშნული იყო: „ცესკო „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად თუ გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ (ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია და ა.შ) იყო. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა კი უკვე გაისმა 28 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთობლივ აქციაზე.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტში წინასწარ იყო გაწერილი ის სცენარიც, რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ, თუ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღიარებდნენ. საპროტესტო აქციები ამ შემთხვევაშიც დაიგეგმებოდა. ანგარიშში ეწერა: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე.“
მართლაც, პროტესტის ორგანიზატორები ან აგდებულად მოიხსენიებენ იmaვე ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, ან საერთოდ იგნორირებას უკეთებენ მას.
სამწუხაროდ, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში არის სხვა ეპიზოდებიც. მაგალითად, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა, რომელსაც ლობირებენ ქართული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოლექტიური ოპოზიციის, სალომე ზურაბიშვილის, ე.წ. არასამთავრობოებისა და მათი პატრონების შემდეგი ნაბიჯები ზემოხსენებული სცენარის რეალიზების მცდელობა იქნება. მსგავსი მოწოდებები უკვე გაისმა სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის არაფორმალური მრჩევლის, გია ხუხაშვილის მხრიდან.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ ქართველი ხალხისთვის ხელისუფლების შეცვლის სცენარის გარედან თავს მოხვევის მორიგ მცდელობას და მოვუწოდებთ ყველა იმ დასავლურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს კოლექტიური ოპოზიციისა თუ მათი არასამთავრობოების უკან დგას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონმდებლობას.
არჩევნები შედგა! ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და კეთილი ინებოს ყველამ და შეეგუოს იმ უდავო ფაქტს, რომ საქართველოს მართავს ქართველი ხალხი.
მისასალმებელია, რომ წამყვანმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე აღიარეს არჩევნები, ლეგიტიმაციაზე ეჭვი არ გამოუთქვამთ დასავლეთის წამყვან სუბიექტებსაც, და ვიმედოვნებთ, ოპოზიცია და მათ უკან მდგომი დასავლეთის ნეოლიბერალური რადიკალებიც შეეგუებიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ომსა და მშვიდობას, კეთილდღეობასა და ნგრევას, ღირსებასა და უღირსობას შორის. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მოქალაქეების თავისუფალი ნებისთვის პატივისცემის ტრადიცია, და არა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის გარედან თავს მოხვევა, არის ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველო ევროატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფვის. ორმაგი სტანდარტები და ამომრჩევლისთვის ხელების გადაგრეხის მცდელობა კი საქართველოს მოქალაქეებში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რაც არც საქართველოსთვის იქნება კარგი და არც დასავლეთისთვის – განსაკუთრებით, მათი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.