„საზოგადოება და ბანკები“ - რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თითქმის 100 ათას მომხმარებელს გაეზრდება
„საზოგადოება და ბანკები“ - რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თითქმის 100 ათას მომხმარებელს გაეზრდება

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თითქმის 100 ათას მომხმარებელს გაეზრდება. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 98260 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5045 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4510-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 4713 მილიონიდან 5045 მილიონ ლარამდე.

98260 ხელშეკრულებიდან 27080 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 626.18 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი აგვისტოს მდგომარეობით 14.14% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი აგვისტოს მონაცემებით, 35370 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.02%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1562.50 მილიონი ლარია.

32090 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2605.9 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 913.90 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.16%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი აგვისტოს მონაცემებით, 1691.98 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.50%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 850 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.870 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.80%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2880 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 238.16 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები პირველი აგვისტოს მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 39.63%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2297 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.63%-დან 11.05%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზრდას განაგრძობს ექსპორტის მაჩვენებელი (იანვარ-ივლისში გაიზარდა 12.4%-ით) და მზარდია ფულადი გზავნილების შემოდინებაც (იანვარ-ივლისში გაიზარდა 7.8%-ით), ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ აღემატება სამიზნე მაჩვენებელს (აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9% შეადგინა, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია), ასევე, აგვისტოში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში განაგრძობს გაუფასურებას და ახდენს ზეწოლას ინფლაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება ინფლაციაზე წნეხის შესამცირებლად, მოსალოდნელი იყო. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობა, რათა არ შენელდეს ეკონომიკური ზრდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ.