საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რამდენიმე ავიარეისია დაგეგმილი
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად რამდენიმე ავიარეისია დაგეგმილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი.
აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები („აირზენა“) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელ-ავივში.
აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.