საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა
საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ერთი მეზღვაური – სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, მომხდარის ადგილზე შესასწავლად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობა საბერძნეთში გაემგზავრა.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში – General Hospital of Ioannina G. Hatzikosta, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
26 ოქტომბერს ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.
აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ“, – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.