საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბათუმის პორტში შესული გემი და მისი მფლობელი სანქცირებულები არ არიან, ტვირთის საკითხი კი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი ბათუმის პორტში გემების მიღების პროცედურებზე განმარტებას აკეთებს. როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის პორტში შემოსული გემი და არც გემთმფლობელი სანქცირებული არ არის, ტვირთის სკრინინგს კი, როგორც იოსელიანი აცხადებს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს.
„საქართველოში და საქართველოს ნავსადგურებში შემავალ ყველა გემთან მიმართებაში ორდონიანი სკრინინგი ტარდება. პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შესაბამისად, დეპარტამენტები ახორციელებენ როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებაში და თუ გემი არის სანქცირებული, ან გემის მფლობელი, მაშინ მას საქართველოს ნავსადგურებში არ ეძლევა შემოსვლის უფლება. რაც შეეხება ტვირთს, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი“,- განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, საქართველოში ნავსადგურები არის კერძო მფლობელობაში, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო კომერციულ საქმიანობაში ვერ ერევა.
„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე, საქართველოს გააჩნია შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც იცვლება საზღვაო ოპერაციების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნულ ინფორმაციას ვცვლით ყველა სახელმწიფო უწყება, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, რომ საქართველოს წყლებში – საქართველოს ნავსადგურებში უზრუნველყოფილი იქნეს საზღვაო უშიშროება და პრევენცია შესაბამისი საფრთხეების.
ყველა გემთან მიმართებაში, ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის სკრინინგს. თუ გემი, ან გემის მფლობელი იმყოფება სანქციების სიაში, ჩვენ ამ გემს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენა ტერიტორიულ წყლებში შემოვიდეს და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში. აღნიშნული გემი არ არის სანქცირებული და არც გემის მფლობელი. ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენციას ცდება, ეს არის შემოსავლების სამსახურის მანდატის ქვეშ”,- განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შემოვიდა, თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.