საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - საქართველოს პორტები ღიაა და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - საქართველოს პორტები ღიაა და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება

საყოველთაო კარანტინის პირობებშიც საქართველოს პორტები 24/7-ზე ღია რჩება და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება, – ამის შესახებ განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისათვის პრემიერთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საქართველოს ნავსადგურების მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისათვის რიგი ზომებია მიღებული.

„საქართველოს პორტებში COVID-19-თან დაკავშირებული გამკაცრებული წესები მოქმედებს, რაც ნავსადგურებში შემომსვლელი გემების სკრინინგის გაძლიერებას და პორტში მომუშავე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. ღამის ცვლაში მომუშავე სანავსადგურე სექტორის მუშაკთა კოორდინირებას ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ასევე, იმ პერსონალის კოორდინაციას, რომელთა ჯგუფური გადაადგილებაც მოითხოვება სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე“, – აცხადებს სააგენტო.

დღეის მდგომარეობით: პორტებში შესვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; საზღვრის კვეთა ეზღუდებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში; საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა სულ მცირე, 24 საათით ადრე უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას; თუკი აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიმე პირს რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად, მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სიმპტომი; ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები, ლოცმანები და სხვა პირები, რომელთა გემზე ასვლაც აუცილებელია, მხოლოდ შესაბამისი ეკიპირებით და წესების დაცვით დაიშვებიან გემზე; ამასთან, გამკაცრებული მოთხოვნების შესაბამისად ეკიპაჟის წევრებს მოეთხოვებათ მხოლოდ პერსონალური დაცვის საშუალებებით იქონიონ კომუნიკაცია საჭირო სამსახურების წარმომადგენლებთან.

სააგენტოს ინფორმაციით, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურებს დაურიგდათ თერმომეტრები და მორიგე ოფიცრები ვალდებული არიან, დღის განმავლობაში რადენიმეჯერ გაიზომონ ტემპერატურა. ნავსადგურის კაპიტანი ვალდებულია,  აკონტროლოს თანამშრომლების მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება, ამასთან ერთად, გააკონტროლოს ლოცმანის მიერ თავისი ვალდებულების შესრულებამდე ტემპერატურის გაზომვა და პირადი დაცვის საშუალებების დადგენილი წესით გამოყენება; ყველა ორგანიზაცია, რომელიც პორტებში ახორციელებს თავის საქმიანობას, ინფორმირდება დროულად, მოქმედებენ შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და თანამშრომლებს უზრუნველყოფენ პირადი დაცვის საშუალებებით.

სააგენტო აცხადებს, რომ უწყება ახორციელებს ნავსადგურების დაუგეგმავ მონიტორინგს უსაფრთხოების სავალდებულო ზომების გაკონტროლების მიზნით.

დატოვე კომენტარი