საზეიმო ვითარებაში ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი
საზეიმო ვითარებაში ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს ხანში სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო ქორწინების მსურველ წყვილებს შესთავაზებს კიდევ ერთ სერვისს, რომლის პრეზენტაციაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა.

საქართველოში საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირს ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი ადგილიდან შეეძლება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებგვერდზე.

„2013 წლიდან სერვისების განვითარების სააგენტომ არაერთი სიახლე შესთავაზა მოქალაქეებს ქორწინების ცერემონიალის გასაუმჯობესებლად. ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ახალქალაქში. ქორწინების მსურველი წყვილებისთვის სპეციალური სადღესასწაულო სივრცე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსშიც მოეწყო. გარდა ამისა, 2014 წელს შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა“,- აღნიშნული სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცემა.