ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცემა
ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცემა

სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციის ახალ სტანდარტს ნერგავს.

„იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ – ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს.

„ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა წყვილებს 2018 წლის მაისიდან გადაეცემათ. ინიციატივა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისა და “ვეფხისტყაოსნის” 800 წლისთავის აღნიშვნას უკავშირდებოდა.

ამასთან, უწყების ცნობით, დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ქორწინების ცერემონიალისთვის აუცილებელი განახლებული სერვისების, ინფრასტრუქტურისა და ატრიბუტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

ქორწინების საზეიმო ცერემონიისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა, რომელმაც სარიტუალო მოთხოვნების გათვალისწინებით სამოსის რამდენიმე ვერსია შექმნა. ამიერიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგიტრატორებს დახვეწილი და ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.