ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა ჯამურმა სიმძლავრემ 1.054 მეგავატი შეადგინა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სე,ეკ) ინფორმაციით, დღეისთვის სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელებში ჩართულია 101 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. აქედან, 58 სადგური სს „თელასის“ ქსელში, ხოლო 43 სადგური – სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში.
სემეკ-ში განმარტავენ, რომ ეს მაჩვენებელი მწვანე ენერგიის საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების ზრდაზე მიუთითებს.
ნეტო აღრიცხვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისთვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია, ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. ზედმეტი ენერგიის გამომუშავების შემთხვევაში კი, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია გამანაწილებელი კომპანიას მიაწოდოს.
ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვის მსურველმა ან მსურველთა ჯგუფმა, გამანაწილებელ კომპანიას უნდა მიმართოს, რომელიც იმ კონკრეტულ არეალს ემსახურება. კომპანია დაამონტაჟებს რევერსულ მრიცხველს, რომელიც აღრიცხვას როგორც ქსელისთვის მიწოდებულ, ასევე ქსელში გაცემულ ელექტროენერგიას.
ყოველი წლის მაისში, კომპანია დაიანგარიშებს მომხმარებელს რა მოცულობის ელექტროენერგია აქვს მიწოდებული ქსელისთვის და ანგარიშსწორება მოხდება.