სახალხო დამცველი ილია ჯიშკარიანის საქმის გაცნობის მიზნით საგამოძიებო ორგანოდან მასალების გამოთხოვას აპირებს
სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის აპარატი ისნის მაჟორიტარის, ილია ჯიშკარიანის საქმის მასალების გაცნობის მიზნით საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვას აპირებს.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სახალხო დამცველი ბოლომდე ჩაერთვება და მიადევნებს თვალს, რამდენად ობიექტურად წარიმართება გამოძიება.
„ჩვენ ვთხოვეთ ადვოკატებს, რომ მოეწოდებინათ საქმის მასალები, რათა უფრო კარგად გვენახა როდის და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც გავიგეთ, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული. ამის მიუხედავად ვეცდებით, საგამოძიებო ორგანოდან გამოვითხოვოთ ეს ინფორმაცია.
პირველ ეტაპზე მე ნამდვილად მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ იყო მყისიერად ჩატარებული, განსაკუთრებით ეს ეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ასევე როგორც ვიცი იმავე დღეს არ იქნა ამოღებული ტანსაცმელი ამჟამად ბრალდებული პირის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რაც დაუყოვნებლივ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ვიცი, ამ ეტაპზე დაზარალებულიც და ადვოკატიც არიან კმაყოფილი ბრალის იმ კვალიფიკაციით, რაც წარედგინა ბრალდებულს. ჩვენ ბოლომდე ჩავერთვებით და მივადევნებთ თვალს, რამდენად ობიექტურად წარიმართება გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.