საწვავზე ფასების ზრდის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
აქციის მონაწილეებს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ გზის გახსნისკენ მოუწოდა. ამჟამად არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე ათამდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ დროისთვის გზის ნაწილი გახსნილია.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კონკრეტული ქმედებების განხორციელებაა საჭირო. შეკრებილებმა აქციზის გაუქმება მოითხოვეს, რაც მათი თქმით, საწვავზე ფასების კლებას გამოიწვევს.