სავარაუდოდ პნევმონიით ხულოში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ ხულოს ჰოსპიტალში დაფიქსირდა. საავადმყოფოს მენეჯერის, რუსლან აბულაძის განცხადებით, გოგონა დღის პირველ ნახევარში სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს და სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.
პრევენციის მიზნით, კლინიკაში გარდაცვლილი გოგონას ახლობლებიც მიიყვანეს, მათ შორის, ექვსი ბავშვი. ისინი გამოკვლევისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსის მხოლოდ მსუბუქი ფორმები აღენიშნებათ.