ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაიწყო
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაიწყო. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, ხულოს მერ ვახტანგ ბერიძესთან და სკოლის აღსაზრდელებთან ერთად, მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა და სიმბოლური კაფსულა ჩადო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სკოლა მთელ მაღალმთიან აჭარას მოემსახურება და ყველა პირობა შეიქმნება, რათა მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.

ამასთან, როგორც რიჟვაძემ განმარტა, სკოლის კურსდამთავრებულებს ფართო ასპარეზი უნდა ჰქონდეთ და უკვე არსებობს შეთანხმება რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომ მაღალმთიანი აჭარიდან წარჩინებული სტუდენტები პირდაპირ ჩაირიცხონ.

„მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ დაგეგმილი სკოლის მშენებლობის პროექტი უკვე მოქმედებაში შევიდა და ძალიან მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ აღნიშნული სკოლის მშენებლობის დასრულებას. სკოლას ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე მოედნები. სასწავლო პროცესი მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც არ მოვაკლებთ რესურსს, რომ გაძლიერებულად ხდებოდეს, როგორც უცხო ენების, ასევე, ზუსტი მეცნიერებების სწავლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ ფართო ასპარეზი.

განათლება და ახალგაზრდობა სტრატეგიული პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სკოლის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს, როგორც ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, ასევე რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბათუმში. ჩვენ უკვე შევუთანხმდით რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომ მაღალმთიანი აჭარიდან წარჩინებული სტუდენტები პირდაპირ ჩაირიცხონ და გააგრძელონ სწავლა. ასე რომ, მთელი ჯაჭვი და ციკლი განათლების სისტემის გახლავთ აწყობილი. ამჯერად, ჯერი არის მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე. ყველა პირობა შეიქმნება აქ, რომ საშუალება ჰქონდეს მოსწავლეებს, ხარისხიანი განათლება მიიღონ.

ეს სკოლა მოემსახურება პრაქტიკულად მთელ მაღალმთიან აჭარას. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო და წარჩინებული მოსწავლეები იქნებიან წარმოდგენილი ამ სკოლაში“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტის მიხედვით, აშენდება ორი შენობა, 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები.

სკოლა საცხოვრებელი გარემოთი, კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნება, მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს.

პროექტი სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური იქნება. მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.