სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს 4.6 პროცენტი იქნება
სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს 4.6 პროცენტი იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს 4.6 პროცენტი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია ფონდის მისიის შემაჯამებელ პრესრელიზში.

„2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა. მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად, უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევისა და მართვის პრაქტიკა. მაღალი ექსპორტისა და ფულადი გადმორიცხვების შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედ დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნებით“, – განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 20-26 თებერვალს იმყოფებოდა.