საულ ალვარესმა კარიერაში 62-ე ბრძოლა მოიგო და სამი საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა #1TVSPORT
ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე პროფესიული კრივის დიდი საღამო შედგა, რომლის მთავარი ორთაბრძოლა იყო მეორე საშუალო წონაში WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონის, მექსიკელი საულ ალვარესისისა და ამერიკელი ედგარ ბერლანგას დაპირისპირება.
ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და ალვარესმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (117-110, 119-109, 119-109) მოიგო, რითიც საჩემპიონი ქამრები შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ მექსიკელი 2021 წლიდან ვერ ახერხებს ნოკაუტით გამარჯვებას.
ახლა ალვარესს პროფესიულ რინგზე 62 მოგება, ორი ფრე და ორი წაგება აქვს. ბერლანგამ კარიერაში პირველად წააგო – მანამდე მას 22 მოგება ჰქონდა.
თავდაპირველად ამ ბრძოლაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული უნდა გათამაშებულიყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მექსიკელს ჩამოართვეს IBF-ის საჩემპიონო ქამარი იმის გამო, რომ უარი თქვა სავალდებულო პრეტენდენტთან, უილიამ სკალასთან ბრძოლაზე.