საულ ალვარესმა ჯონ რაიდერი დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
საულ ალვარესმა ჯონ რაიდერი დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

მექსიკელმა მოკრივემ, საულ ალვარესმა მეორე საშუალო წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დაიცვა ბრიტანელი ჯონ რაიდერის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეხვედრა მექსიკის ქალაქ გვადალახარაში გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლამდე რაიდერს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ზედიზედ ოთხი მოგება ჰქონდა, ფავორიტად ერთხმად ალვარესი სახელდებოდა. მით უმეტეს, მექსიკელს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, რადგან ბრძოლამდე გამოაცხადა, რომ წაგების შემთხვევაში, კარიერას დაასრულებდა.

პირველივე წამებიდან ალვარესმა რინგის ცენტრი დაიპყრო და ცდილობდა მოწინააღმდეგის დაჭერას თავისი ცნობილი გვერდითი დარტყმებით. რაიდერი პასუხის გაცემას ცდილობდა, მაგრამ, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. მექსიკელი მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს და ქულებს აგროვებდა, ბრიტანელის დარტყმებს კი თითქმის არ ატარებდა.

მეხუთე რაუნდისთვის რაიდერის სახე სერიოზულად იყო დაზიანებული და არავის გაკვირვებია, როცა ალვარესმა მძლავრი ორმაგი დარტყმით მეტოქე ნოკდაუნში გაგზავნა. ბრიტანელი მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ გაძლო შესვენებამდე და მეექვსე რაუნდში რამდენიმე კარგი დარტყმა შეასრულა, რამაც დამაჯერებლობა დაუბრუნა.

თუმცა, მერვე რაუნდის ბოლოს რაიდერი ისევ აღმოჩნდა ნოკდაუნში და ისევ შეძლო ბრძოლის გაგრძელება. მას ძალებიც შემორჩა საპასუხო შეტევებისთვის, მაგრამ გარდატეხა ვერ შეიტანა. 12 რაუნდის შემდეგ საულ ალვარესმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 120:107, 118:109, 118:109.

ამ მოგებით მექსიკელმა დაიცვა ოთხივე ტიტული (WBC, WBA Super, IBF და WBO) მეორე საშუალო წონაში. ახლა მის ანგარიშზე 63 ბრძოლაში 59 მოგება (39 – ნოკაუტით), ორი წაგება და ორი ფრეა. რაიდერმა 38 ბრძოლაში მეექვსედ წააგო.