საუდის არაბეთში აქტივისტ ქალს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. ამის შესახებ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები იუწყებიან. 29 წლის ისრაა ალ-ღომღამი 2015 წელს, ქვეყანაში მცხოვრები შიიტი უმცირესობის მხარდამჭერი დემონსტრაციის მოწყობისთვის დააკავეს.
ერ-რიადში გამართული მანიფესტაციის გამო, აქტივისტმა 32 თვე ციხეში გაატარა.
სასამართლო პროცესი 6 აგვისტოს დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლის 28 ოქტომბერს აქტივისტს სიკვდილით დასჯიან. მას თავს მოკვეთენ.
აქტივისტი ქალის დაცვის სურვილი საუდის არაბეთში ერთდროულად რამდენიმე ადვოკატმა გამოთქვა.
„არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი საპროტესტო ტალღის დროს, რომელმაც 2011 წელს მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვა, საუდის არაბეთში მცხოვრები შიიტი უმცირესობა თანასწორობის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა. ისრაა ალ-ღომღამი მათ შორის იყო. აქტივისტი ქალი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ელ-ქატიფში წამოწყებულ დემონსტრაციებს შეუერთდა. მაშინ ისრაა ალ-ღომღამი მხოლოდ 22 წლის იყო და ქვეყანაში არსებული ვითარების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო.
საუდის არაბეთის მთავარი პროკურორის განმარტებით, პოლიტიკური აქტივისტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სლოგანებისა და მანიფესტაციებში აქტიური მონაწილეობისთვის დააკავეს.
2018 წლის სოციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოში ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში მცხოვრები შიიტი უმცირესობის დისკრიმინაცია ხშირი შემთხვევაა. კვლევის თანახმად, დასაქმების, განათლებისა და იუსტიციის სფეროებში შიიტი უმცირესობის დისკრიმინაცია საკმაოდ ხშირად ხდება.
2016 წელს საუდის არაბეთში შიიტების აქტიური უფლებადამცველი, შეიხი ნიმრ ალ-ნიმრი სიკვდილით დასაჯეს, რამაც შიიტურ ირანსა და სუნიტურ საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაც კი გამოიწვია.