საუდის არაბეთმა ოსამა ბინ ლადენის შვილს, ჰამზა ბინ ლადენს მოქალაქეობა ჩამოართვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბერში გასცა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოსამა ბინ ლადენის შვილზე, ჰამზა ბინ ლადენზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდო – მილიონი დოლარი დააწესა.
დასავლური მედია წერს, რომ ჰამზა ბინ ლადენი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ლიდერად ყალიბდება. ბინ ლადენის შვილმა უკვე არაერთი აუდიო და ვიდეომიმართვა გაავრცელა და მიმდევრებს მამის მკვლელობისთვის აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნებზე შურისძიებისკენ მოუწოდა. აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს, პაკისტანში მოკლა.
ჰამზა ბინ ლადენი აშშ-ს გლობალურ ტერორისტად ჰყავს გამოცხადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენი მოჰამედ ატას შვილზეა დაქორწინებული.
2001 წლის 11 სექტემბერს მოჰამედ ატამ ოთხიდან ერთ-ერთი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დროს გამოიყენა. 2001 წელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ „ალ-ქაიდამ“ აიღო.