საუდის არაბეთის პრინცი დიდი ოცეულის სამიტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას ითხოვს
საუდის არაბეთის პრინცი დიდი ოცეულის სამიტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Sueddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს განმარტებით, მუჰამედ ბინ სალმანმა თურქეთის პრეზიდენტს პირადად შეხვედრა სატელეფონო საუბრის დროს შესთავაზა.
როგორც პირველმა დიპლომატმა გერმანულ გაზეთთან საუბრის დროს აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, შეხვდება თუ არა ბუენოს-აირესში საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, „თუმცა ოფიციალური ანკარა ამ ეტაპზე ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი რამდენიმე დღეში ბუენოს-აირესში, დიდი ოცეულის სამიტს დაესწრებიან.
თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. The Washington Post-ის ჟურნალისტი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ ჯამალ ხაშოგი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა.