სატყეო სააგენტო ქუთაისში, ე.წ. საღორიის ტყის აღდგენისთვის ღონისძიებებს აგრძელებს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, ე.წ. საღორიის ტყის აღდგენის გასაგრძელებლად ტერიტორიის შესწავლა გრძელდება. უწყების ცნობით, საველე შესწავლა დაგეგმილია 17 ჰა ფართობზე.
ე.წ. საღორიის ტყის ტერიტორიაზე, სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს. ფართობზე მუხნარი კორომის სანიტარიული მდგომარეობა წლების განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი იყო. მუხის ხმობა მავნე მწერით – მუხის დიდი ხარაბუზით იყო გამოწვეული.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ფართობზე სანიტარიული ჭრები ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე წელს, აპრილ-მაისში სანიტარიული ჭრის წესით ხმელი და დაავადებული ხე-მცენარეების (535 კუბური მეტრი) ჭრა განხორციელდა. მიმდებარე ფართობებზე დამატებით მონიშნულია სანიტარული ჭრის ტყეკაფები, საერთო მოცულობით 970 კუბური მეტრი, საიდანაც ამ ეტაპზე 665 კუბური მეტრი მოჭრილია.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, 2018 წლის საშემოდგომო სეზონზე ტერიტორიაზე დაირგო ქუთაისის სატყეოს ტერიტორიაზე არსებული ტყის დროებით სანერგეში გამოყვანილი 9 500 ცალი მუხის და იფნის ნერგი.