დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ტყის მართვის გეგმა მომზადდა
დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ტყის მართვის გეგმა მომზადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში“ მიმდინარე ანგარიში მოისმინა.

პროექტი „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 482 000 ლარს შეადგენს, 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.

„პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 77, 537 ჰა ფართობზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა; მომზადდა ტყის მართვის გეგმები. აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმებული იყო 26 ახალგაზრდა მეტყევე-ტაქსატორი. სატყეო სექტორში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

გარდა ამისა, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, ლაგოდეხის „საქმიანი ეზო“ მზის ენერგიის პანელებით აღიჭურვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოში წლებია, მრავალი მიმართულებით მუშაობს; ერთ-ერთია სწორედ ის მხარდაჭერა, რომელსაც გაერო-ს განვითარების პროგრამის მეშვეობით, ეროვნული სატყეო სააგენტო იღებს და რომელიც გულისხმობს ტყის ინვენტარიზაციას და ტყის მართვის გეგმების შემუშავებას. მხარდაჭერა ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მოლაპარაკების ფარგლებში ხორციელდება.

ანგარიშის განხილვას გაერო-ს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.