სატვირთო ავტომობილებს ტვირთის გადატანა მხოლოდ დახურული მისაბმელით შეეძლებათ
სატვირთო ავტომობილებს ტვირთის გადატანა მხოლოდ დახურული მისაბმელით შეეძლებათ, – ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის.
ინიციატივის შესახებ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამინისტროს მნიშვნელოვანი ინიციატივა გვექნება – ვფიქრობთ, რომ სატვირთო ტრანსპორტი მთელს საქართველოში უნდა იყოს გადახურული და სწორედ დახურულ მდგომარეობაში უნდა ხდებოდეს მოძრაობა. როგორც ცნობილია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის მტვერი და მყარი ნაწილაკები. ეს უნდა გამოსწორდეს ყველა მიმართულებით და მათ შორის ინდუსტრიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავს სამინისტრო აღნიშნული ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მიმართოს.