სატვირთო ავტომობილების მძღოლები თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას ითხოვენ
ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის მოწყობილ ტირ-პარკში ხმაური იყო. სატვირთო ავტომობილების მძღოლები თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას მოითხოვდნენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს მძღოლების ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის გაიგზავნა და პასუხების მიღებისთანავე ისინი ტერიტორიას დატოვებენ.
ამჟამად ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში ამჟამად 168 მძღოლი იმყოფება. ტირ-პარკი ფოთში მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ფუნქციონირებს.
„როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო გადაზიდვა ითვლება ერთ-ერთ სარისკო საქმიანობად. მძღოლები ახალი რეგულაციებით აუცილებლად უნდა გაიტესტონ. იმისათვის, რომ ახალ რეგულაციებზე გადავიდნენ საჭიროა, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა მძღოლის გატესტვა. დღეს „პისიარ“ ტექნოლოგიით ტესტირება 223 მძღოლს ჩავუტარეთ. ველოდებით პასუხებს და შემდეგ თავიანთ ლოკალიზაციის ტერიტორიაზე გადავლენ მძღოლები. საკუთარ სახლებში ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გააკონტროლებს მათ. ახლა სათანადოდ არ იქცევიან, მაგრამ იმედია, ყველას ტესტი იქნება უარყოფითი და ყველას მივულოცავ“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
ფოთის მერისთვის გაუგებარია მძღოლების პროტესტი და მოთხოვნა ტერიტორიის დატოვების შესახებ. როგორც გოჩა კურდღელია აცხადებს, ტირ-პარკი ხვალიდან ისედაც წყვეტს ფუნქციონირებას და მძღოლებმა ყველა შემთხვევაში უნდა დატოვონ აღნიშნული ტერიტორია.