„სათამაშოებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების კონტროლი საქართველოში არ ხოციელდება“
სათამაშოებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების კონტროლი ჩვენი კომპეტენცია არ არის. ეს სფერო არარეგულირებულია, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვინ ახორციელებს ბავშვთა მოვლის, ჰიგიენური საშუალებებისა და სათამაშოების კონტროლს, გიორგი მიქაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს არავინ აკონტროლებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს სამი მიმართულებით ახორციელებს. ეს არის სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა. რაც შეეხება დანარჩენს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. მათ შორის – არც სათამაშო, არც ბავშვთა მოვლის საშუალებები და ასე შემდეგ“, – განაცხადა მიქაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ ამოწმებს ქვეყანაში შემოტანილ საკვებ პროდუქტებს და რამდენად ვართ დაცული, რომ ბაზარზე დაბალი ხარისხის პროდუქცია არ მოხვდეს, გიორგი მიქაძემ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი იმპორტირებულ სურსათს ამოწმებს, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ სურსათს კი სურსათის ეროვნული სააგენტო, მათ შორის მონიტორინგის კუთხით აკონტროლებს.
„წელს უკვე დაახლოებით 4 500–მდე ნიმუში გვაქვს აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეული. ეს კონტროლი რისკის შეფასების საფუძველზე ხორციელდება და არა ყოველდღე, ყველა პროდუქტზე. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არ ხორციელდება პროდუქტის კვლევა, თუ სურსათს პრობლემა არ აქვს, რაზეც გარკვეული კრიტერიუმები არსებობს, მათ შორის – ბიზნესოპერატორის ისტორია და ასე შემდეგ. მსოფლიოში არსად ხდება და შეუძლებელია, ყველა სახეობის სურსათი ყოველდღიურ რეჟიმში ვინმემ აკონტროლოს“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.