სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურს უჩივიან და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურს უჩივიან და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურს სასამართლოში უჩივიან და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა, სალომე კალაიჯაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც კალაიჯაშვილმა განმარტა, შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებში ოთხი ტოტალიზატორის ინტერესებს იცავს.

„სასამართლო პროცესებში ვიცავ ოთხი ტოტალიზატორის კანონიერ ინტერესებს, რომელთაც მოითხოვეს 2020 წლისთვის გადახდილი სანებართვო მოსაკრებლის უკან დაბრუნება, ან 2021 წლის შესაბამისი პერიოდის გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლით. სათამაშო ბიზნესი ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი სათამაშოების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ტოტალიზატორის მოწყობისთვის აუცილებელია სანებართვო მოწმობის გაცემა. აღნიშნული ხუთი წლის ვადით გაიცემა და თითოეულ წელს სავალდებულოა მოსაკრებლის გადახდა. აღნიშნული საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება, ჩემი დასაცავი კომპანიებიდან სამს გადასახდელად 40 000 ლარი განესაზღვრა, ხოლო ერთ-ერთმა 80 000 ლარი გადაიხადა. ჯამში, ჩემმა დასაცავმა კომპანიებმა 2020 წლისთვის 200 000 ლარის ოდენობით გადაიხადეს სანებართვო მოსაკრებლის სახით და მათ ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის განხორციელების უფლება მიენიჭათ, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ საქმიანობა შეეწყვიტათ. 2020 წლის 21 მარტიდან, 2021 წლის პირველ მარტამდე პერიოდში აეკრძალათ ფიზიკურად სათამაშო ბიზნესის განხორციელება და მხოლოდ სისტემურ-ელექტრონური სახით შეეძლოთ მუშაობა, რაც ჩემს კომპანიებს არ გააჩნდათ. მათ საქმიანობა შეწყვიტეს და მხოლოდ მას შემდეგ განაახლეს, რაც მთავრობამ თავის დადგენილებით ნება დართო, საქმიანობის უფლება განეხორციელებინათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ტოტალიზატორებმა საქმიანობა განაახლეს იმ იმედით, რომ 2020 წლისთვის გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი ჩაეთვლებოდათ 2021 წლის სანებართვო მოსაკრებელში, თუმცა როგორც სალომე კალაიჯაშვილი ამბობს, შემოსავლების სამსახურმა სხვაგვარად იმსჯელა.

„ადმინისტრაციულ წარმოებაში, როდესაც კომპანიების ინტერესებს ვიცავდი, მათ არ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა და მიუთითა, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გაითვალისწინებს ფორსმაჟორის შემთხვევაში სანებართვო მოსაკრებლის ბედს და თვითონ კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, ყოველ წელს გადახდილი უნდა იყოს სანებართვო მოსაკრებელი. აღნიშნული დავა სასამართლო ინსტანციებში გადავიდა. თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებმა მიიღეს წარმოებაში ოთხივე საქმე და ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. საქართველოს ომბუდსმენის აპარატმა მოამზადა დასკვნა, მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურს, რათა ამგვარ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გაეწიოს, რათა მათ ფაქტობრივად საქმიანობა არ განუხორციელებიათ. თავად შემოსავლების სამსახური დოკუმენტურად თავის ბრძანებაში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვალდებულების შესრულება ვერ მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ კომპანიებს ზემდგომმა ორგანომ, ესე იგი მთავრობამ თავის დადგენილებით აუკრძალა საქმიანობა, მაგრამ მაინც ვიღებთ სანქციებსო. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ ეს თანხები მიითვისა. ომბუდსმენმა პირდაპირ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც მითითებული იქნება: 1. 2020 წლის მარტამდე გადახდილი სანებართვო მოსაკრებლები ჩაითვალოს 2021 წლის მოსაკრებელში. 2. ის პერიოდი, რა დროსაც შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა, გადაითვალოს საქმიანობის განახლების შემდგომ პერიოდში“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მომზადება არ იგეგმება და საკითხი თაროზე აქვთ შემოდებული.

„პარლამენტის საქმიანობა რომ დავაჩქაროთ, უახლოეს დღეებში ვაპირებ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართო და მოვითხოვო სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის და ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლების ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც კრძალავს ფორსმაჟორის პირობებში უკვე გადახდილი სანებართვო მოსაკრებლის მომდევნო წელზე გადანაწილებას“, – განაცხადა ადვოკატმა.