სასურსათო ქსელური მაღაზიების ასოციაციის თავმჯდომარე - ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებიდან გამომდინარე, ვითხოვთ, იქნებ საშემოსავლო შეღავათი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს
პირველ ნოემბრამდე, სახელმწიფოს კეთილი ნებით, ჩვენზე ვრცელდებოდა საშემოსავლო საშეღავათო პერიოდი, რომელის საშუალებითაც სამუშაო ადგილების შენარჩუნება შევძელით. ვინაიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, ვითხოვთ, იქნებ ეს საშემოსავლო შეღავათი შემდეგი ექვსი თვით გაგრძელდეს, – ამის შესახებ სასურსათო ქსელური მაღაზიების ასოციაციის თავმჯდომარემ, მირანდა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელების პრემიერთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
მირანდა მანჯგალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივების თხოვნას გაიზიარებს.
„პრემიერთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. პირველ ნოემბრამდე, სახელმწიფოს კეთილი ნებით, ჩვენზე ვრცელდებოდა საშემოსავლო საშეღავათო პერიოდი, რომელმაც ძალიან დადებითად იმოქმედა სექტორზე, ვინაიდან სამუშაო ადგილების შენარჩუნება შევძელით. იქიდან გამომდინარე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, ვითხოვთ, იქნებ ეს საშემოსავლო შეღავათი გადავადდეს შემდეგი 6 თვით, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ჩვენს სექტორზე, რათა შევძლოთ სურსათით მოსახლეობის უწყვეტი მომარაგება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ძალიან დიდი მადლობა პრემიერს ასეთი პოზიტიური შეხვედრისთვის და ვიმედოვნებთ, წერტილოვანი შეღავათების განხორციელების დროს, ჩვენი სექტორი გათვალისწინებული იქნება და ამ საშეღავათო პერიოდს გაგვიხანგრძლივებენ, რათა შევძლოთ საზოგადოებაზე ზრუნვა და სასურსათო მარაგების მიწოდება, რასაც ვაკეთებდით ძალიან კრიზისულ მომენტშიც კი. ჩვენ გავაგრძელებთ მოსახლეობის გვერდით დგომას უკიდურეს შეზღუდვამდე, ვინაიდან გააზრებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორის როლი საზოგადოებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რათა ოპერირების დროს არ გავიჭედოთ და არ შეგვეშალოს ხელი. პრემიერმა მოისმინა ჩვენი პოზიცია და აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შეღავათი ჩვენზე გავრცელდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.